დავით მუჯირი: “სფფ-ს მიზანია 2022 წელს ვიდეორეფერი დანერგოს”

0
8

დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე VAR-ის ხუთდღიანი სემინარი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ფიფას ინსტრუქტორი ქართველ არბიტრებს თეორიულ და ტექნიკურ გამოცდილებას უზიარებს. სემინარის მიმდინარე და მომდევნო ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველი არბიტრები მსაჯის ვიდეო ასისტენტის ლიცენზიას მიიღებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.
დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალუდი მდივანი): „სფფ-ს მიზნად აქვს დასახული 2022 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებზე დაინერგოს ვიდეორეფერი. რამდენიმე ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. დღეს კი, თბილისში, ფიფას წარმომადგენლებთან ერთად ხუთდღიანი საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო. ტექნიკური აღჭურვილება უკვე საქართველოშია, რაც მსაჯების გადამზადების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, ეს ხუთი დღე ძალიან მნიშვნელოვანია.
შერჩეულია 18 მსაჯი, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მატჩებზე. სემინარი თეორიულ მეცადინეობას და ტექნიკურ განსწავლას დაეთმობა.
იმედი მაქვს, მალე გადაწყდება და მივიღებთ ლიცენზიას, რომელიც უფლებას მოგვცემს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებზე ვიდეორეფერი გამოვიყენოთ. სამომავლოდ, გვსურს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სრულად იყოს მოცული და ეს პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ჩვენი მიზანია, 2023 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრა ვიდეორეფერით წარიმართოს“.
საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელოს. მასთან ერთად, პროექტში კიდევ ერთი ინსტრუქტორი, დავით ხარიტონაშვილია ჩართული.
გიორგი ვადაჭკორია (VAR-ის პროექტის ხელმძღვანელი): „დაიწყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მეორე ნაწილი. სემინარის ფარლგებში, ინსტრუქტორი აუხსნის მსაჯებს, კონკრეტულად რა ეპიზოდებში ერთვება ვიდეორეფერი თამაშში. აქ წარმოდგენილი მსაჯები კანდიდატები არიან და თავის გამოჩენის შემთხვევაში ფიფას წარმომადგენლების მიერ მოხდება ლიცენზიების გაცემა“.