“თელავი” – ერთადერთი წაუგებელი გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

0
13

“თელავი” ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჯერ თამაში არ წაუგია. მე-4 ტურში გიორგი ჭელიძისი გაწვრთნილი გუნდი სტუმრად “გაგრას” შეხვდა და ქულა აიღო, არადა, პენალტის გამოყენების შემთხვევაში ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგების შანსი ჰქონდა.
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართული მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, რომელმაც თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 1:0.
მე-10 წუთზე პენალტიდან გურამ გოშთელიანის დარტყმული ბურთი ბექა ქურდაძემ მოიგერია, მაგრამ ფირუზ მაგრაქველიძემ ზუსტად დაამატა – 1:1.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ზურაბ თევზაძემ გრძელი რეიდი განახორციელა და მას მერე რაც რამდენიმე მეტოქეს გასცდა პასი გიორგი კვერნაძეს მისცა, რომელმაც გაგრელთა საჯარიმოში გვერდი სამ მეტოქეს აუარა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:2. მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
64-ე წუთზე თელაველთა კაპიტანი ანტონ თოლორდავა თავის საჯარიმოში მათე ვაწაძეს უხეშად შეეჯახა და მასპინძელტა თავდამსხმელის წაქცევის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გაგრელთა კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა გამოიყენა.
“თელავი” 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის დამოძღვრილი “გაგრა” ამდენივე ქულით მე-3 პოზიცაზეა.