მამარდაშვილის ქულა სტუმრად „ხეტაფესთან“

0
15

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა და გოლი არც ამჯერად გაუშვა. მან „გრანადასთან“ შეხვედრა ავადმყოფობის მიზეზით გამოტოვა, ხოლო 28-ე ტურში „ვალენსიას“ კარში დაბრუნდა და სტუმრად „ხეტაფესთან“ (0:0) ქულის აღებაში თავისი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი მეტოქე მოთამაშეებს დიდად არ დაუტვირთავთ და როცა ბურთი ვალენსიელთა კარის მიმართულებით წავიდა, მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო. თუმცა, ერთხელ გამოსვლაზე მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს ბურთი ხელებში ვერ დააფიქსირა, მაგრამ საბოლოოდ ხიფათი არ შექმნილა.
70-ე წუთზე ბრაზილიელმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ უკან გადაცემა მამარდაშვილს გაუკეთა, რომლის მოგერიებული ბურთი მასპინძელ ფორვარდ ბორხა მაიორალს მოხვდა და კარში შევარდა. თუმცა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და აშკარად გამოჩნდა, რომ მაიორალს ბურთი ხელებში მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. გოლი არ ჩაითვალა და ქართველმა მეკარემა „ვალენსიას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებული 13 შეხვედრიდან გოლი ექვსში არ გაუშვა. „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი (2 მოგება და 1 ფრე) არ წააგო და 37 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.