პსჟ-ს პრეზიდენტი: „მე შენ მოგკლავ“

0
13

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი უეფამ შესაძლოა ძალიან მკაცრად დასაჯოს და ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდში „რეალთან“ (1:3) წაგებული მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენებია.
ესპანური ტელეგიგანტის Movistar-ის ჟურნალისტის მონიკა მარჩანტეს თქმით, თამაშის შემდეგ ალ-ჰელაიფი სწრაფად დაეშვა „სანტიაგო ბერნაბეუს“ გასახდელებისკენ, სადაც ხმამაღლა იგინებოდა და საგნებს ხელს ურტყამდა. ის მსაჯების ოთახს ეძებდა, რათა შეხვედრის მთავარ არბიტრ დანი მაკელისთვის პრეტენზია წაეყენებინა.
Marca-ს ინფრომაციით, პსჟ-ს პრეზდენტმა თავდაპირველად მსაჯების ოთახი ვერ იპოვა და შემთხვევის „რეალის“ დელეგატის მეგი დავილას სამუშაო ზონაში მოხვდა. დავილა ყოფილი მსაჯია და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მატჩების დროს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზეა პასუხისმგებელი.
ალ-ჰელაიფიმ მსაჯების ოთახი იპოვა, ხოლო Goal.com-მა გაავრცელა მაკელის ოფიციალური რაპორტის ფოტო, სადაც მეშვიდე პუნქტში თამაშის შემდეგ მომხდარი ინციდენტია აღნიშბული:
„პსჟ-ს პრეზიდენტი და ტექნიკური დირექტორი აგრესიულად იქცეოდნენ. ისინი მსაჯების ოთახში შესვლას ცდილობდნენ. როდესაც არბიტრმა ოთახიდან გასვლა სთხოვა, მათ კარი დაბლოკეს და პრეზიდენტმა ერთ-ერთი ასისტენტის ალამი გატეხა“.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ინციდენტს „რეალის“ თანამშრომელი იღებდა, რაც ალ-ჰელაიფიმ დაინახა და მისკენ გაემართა აგრესიული შეძახილით: „მე შენ მოგკლავ“. თუმცა, მისმა პირადმა მცველებმა პსჟ-ს პრეზიდენტი ადგილს განარიდეს. პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ „რეალის“ თანამშრომელს ვიდეოს წაშლა სთხოვა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
ვიდეოს დღეს უეფა შეისწავლის და თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც რაპორტშია მითითებული ალ-ჰელაიფის მკაცრი სანქციები ემუქრება.