იურგენ კლოპი: “მისაღებია, რომ “ინტერმა” მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით”

0
3

იურგენ კლოპისთვის მისაღებია, რომ “ლივერპული” დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. მერსისაიდელთა გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ მილანის “ინტერთან” 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ლივერპულმა” პირველი თამაში სტუმრად 2:0 მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.
ლივერპულში ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. “ინტერმა” ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეტოქის კარი პირველად აიღო. აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთზე 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მილანელთა ფორვარდი ალექსის სანჩესი გააძევეს. კლოპის ხელმძღვანელობით “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეოთხედ გავიდა. მასზე უკეთესი შედეგი ლეგენდარულ ბობ პეისლის აქვს, რომელმაც ინგლისური გრანდი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში 5-ჯერ გაიყვანა. მიმდინარე წელს ყველა ტურნირში “ლივერპულის” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში “ლივერპული” სახლში პირველად დამარცხდა. მანამდე, გუნდს შინ 28 თამაშია არ წაუგია.
“დაახლოებით ველოდებოდი ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეგვექმნა. “ინტერი” მართლაც კარგი გუნდია და ასეთ მატჩებში სათამაშოდ მზადაა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ არ გვითამაშია, აშკარა საგოლე მომენტები გვქონდა. ორი მატჩის გათვალისწინებით ჩემთვის სავსებით მისაღებია, რომ “ინტერმა” მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით. ჩვენთვის შექმნილი პრობლემების მიუხედავად, უკეთესად ასპარეზობა შეგვეძლო.
მართლაც საინტერესო მატჩი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში წავაგეთ რაც არ მახარებს, რადგან მოედანზე საშინაო მარცხისთვის არ გავსულვართ. მეტოქე პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ ჩვენს მიერ შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში გავიმარჯვებდით. ბურთს უბრალო სიტუაციაში ხშირად ვკარგავდით, რაც ხდება ხოლმე. როდესაც ბურთი ჰაერში იყო, ქარის გამო ნამდვილი კომედია იწყებოდა.
ჩვენი კონტრპრესინგი საკმარისად კარგი არ იყო. მეტოქეს თავს ბრძოლას არცთუ კარგად ვახვევდით და საჭირო იმპულსი ვერ მივიღეთ. აი, სწორედ ეს არ გვეყო” – განაცხადა კლოპმა BT Sport-თან.