„თელავის“ ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
12

„თელავმა“, რომელსაც სეზონის წინ სათავეში გიორგი ჭელიძე ჩაუდგა, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ორივეჯერ სამი ქულა სტუმრად აიღო. ამჯერად, თელაველები ბოლნისში გიორგი დარასელიას გაწვრთნილ „სიონს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის 47-ე წუთზე დავით მუჯირმა მარცხენა ფრთაზე პასი გიორგი კვერნაძეს გაუკეთა და წესით მისთვის ხელი მასპინძელთა მცველ გიორგი გადრანს უნდა შეეშალა, რომელიც ზუსტად იმ ეპიზოდში დაშავდა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში თელაველ თავდამსხმელს გოლის გატანა არ გაჭირვებია.
68-ე წუთზე კვერნაძე ბოლნისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და იოლად გასცდა გიორგი კორიფაძეს, რის შემდეგ პასი ლაშა ქოჩლაძეს გაუკეთა, რომელმაც „სიონის“ კარი მეორედ აიღო. მან გატანილი ბურთი არ აღნიშნა, რადგან გასულ სეზონში ქვემო ქართლელთა ღირსებას იცავდა.
„თელავი“ ორი გამარჯვებით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ გატანილ-გაშვებული გოლებით ჩამორჩება, ხოლო უქულო „სიონი“ ბოლოა.