“კაკტუსმა” “დინამო” იოლად დაამარცხა

0
15

“კაკტუსში” ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას აღმავლობა მოჰყვა. ირაკლი ხოშტარიას მისვლის შემდეგ გუნდი თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სუპერლიგაში კი მეორე მატჩი მოიგო და ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა. “კაკტუსმა” უიმედო აუტსაიდერი “დინამო” დაამარცხა და ერთ დროს ევროპის ჩემპიონთა თასის მომგები გუნდი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილ დინამოელებს 12 მატჩიდან 11 წაგება აქვთ და დარჩენილ 8 მატჩში დიდი ძალისხმევა მართებთ, სუპერლიგიდან რომ არ გავარდნენ.
“კაკტუსმა” დინამოელებს ხელი პირველსავე ნახევარში მოუთავა, რომელიც 28 ქულით – 55:27 მოუგო. ხოშტარიას გაწვრთნილი მოთამაშეები პერიმეტრიდან უმოწყალოდ ბომბავდნენ დინამოელთა კალათს. “კაკტუსი” არც სწრაფ შეტევებში მოიკოჭლებდა და იმხელა უპირატესობა მოიპოვა, თითქმის მთელმა მატჩმა ინტერესი დაკარგა. “კაკტუსმა” საბოლოოდ დამაჯერებლად – 97:60 დაამარცხა “დინამო” და სუპერლიგაში დასარჩენ ბრძოლაში იმედი და ფსიქოლოგიურად დადებითი მუხტი მოიპოვა.
გამარჯვებულთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი. 17 ქულა და 11 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა, ხოლო 16 ქულა ჯორდან ფორბსმა მიითვალა. დინამოში 13 ქულით ბომბარდირი გახდა ანზორ ნადირაძე. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზეა.

გუნდი მ/წ
1. თსუ 10/2 22
2. ვერა 9/3 21
3. ქუთაისი 9/1 19
4. ოლიმპი 7/5 19
5. რუსთავი 5/7 17
6. მეგა 5/7 17
7. ბათუმი 5/6 16
8. ტიტები 5/6 16
9. ცხუმ-აფხაზეთი 4/8 16
10. კაკტუსი 4/8 16
11. დინამო 1/11 13