“გაგრამ” ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველად მოიგო

0
4

“გაგრამ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო. მე-2 ტურში გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, სადაც საშინაო მატჩებს ატარებს, თბილისის “საბურთალო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
“საბურთალო” პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ მახვილი კუთიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. კიდევ გამოსარჩევი  იური ტაბატაძის შორეული დარტყმა იყო, მაგრამ თირნიკე ქურდაძემ ბურთი მოიგერია. ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გაგრელებმა კუთხური გაითამაშეს და თემურ ჩოგაძის ჩაწოდების შემდეგ ცენტრალურმა მცველმა ლუკა ნოზაძემ მაღალ ნახტომში თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
შესვენების შემდეგ “საბურთალო” ბურთს კვლავ მეტოქეზე ხშირად ფლობდა და 54-ე წუთზე ტაბატაძის დარტყმული ბურთი ქურდაძემ ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა. მანამდე, დავით უბილავას პასის მერე ბურთი “გაგრას” საჯარიმოში მასპინძელთა მცველს მოხვდა, თუმცა საბურთალოელთა მოთხოვნის მიუხედავად მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა პენალტი არ დანიშნა.
“გაგრას” ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ტაიმის შუაწელში ჰქონდა, როდესაც კონტრშეტევის დროს ჩოგაძის გადაცემის შემდეგ თბილისელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ოთარ ფარულავამ სუსტად დაარტყა და ოთო გოშაძემ ხიფათი უპრობლემოდ გაანეიტრალა.
თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ნოდარ იაშვილმა გადაცემა მეტოქის საჯარიმოში გააკეთა და კარის ახლოს მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ ბურთს მიმართულება შეუცვალა, მაგრამ ქურდაძემ თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან იხსნა. მატჩის მიწურულს თავის გამოჩენა გიორგი გულიაშვილს შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა. ამრიგად, ლევან კორღალიძის თავკაცობით “საბურთალომ” წელს ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო.