ჩემპიონის დამაჯერებელი მოგება ვიცეჩემპიონთან – ფლამარიონის ბენეფისი

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და სამი ქულა დამსახურებულად აიღო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა კახა ცხადაძის შეგირდებს აშკარად აჯობა და განვლილი დაპირისპირება ჯოვინო ფლამარიონის ბენეფისად იქცა.
მატჩის მე-11 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს თორნიკე გაფრინდაშვილმა გადაცემა მეტოქის კართან გააკეთა, სადაც ყველას ჯოვინო ფლამარიონმა დაასწრო და მისი დარტყმის შემდეგ დავით კერესელიძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, ხოლო ბრაზილიელმა მეორე დარტყმით ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში კერესელიძე დაშავდა და მისი ადგილი კარში ესპანელმა პრიეტომ დაიკავა.
24-ე წუთზე ჯიღაურის პასის შემდეგ ფლამარიონმა სტუმართა საჯარიმოში გიორგი პაპავას გვერდი იოლად აუარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა – 2:0.
56-ე წუთზე პარტნიორის გადაცემის შემდეგ ბელარუსი ლეგიონერი დმიტრი ანტილევსკიმ ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო და ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა – ლაზარე კუპატაძემ თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან იხსნა.
64-ე წუთზე პაპავა მაღალი ტრაექტორიით წამოსული ბურთის მიღების დროს შეცდა და თბილისელთა საჯარიმოში შეჭილმა ფლამარიონმა ირაკლი ბიძინაშვილს გაუკეთა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ნიკა მალი ჩამოიშორა, რასაც ზუსტი დარტყმაც მიაყოლა – 3:0.
82-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძე ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ გადიოდა და გიორგი ჩაბრაძეს გასცდა, მაგრამ უხერხულ პოზიციაში აღმოჩნდა, რის გამო, მასპინძელთა კარისკენ ზურგით მდგომმა გოლის გატან ქუსლით მოინდომა, მაგრამ კუპატაძეს ვერ აჯობა.
ბათუმელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს – მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანეს და ერთიც არ გაუშვიათ. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
განვლილ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად დაესწრო.