ლაშა კოხრეიძე: “ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა”

0
13
34-ე ეროვნული ჩემპიონატი “თელავმა” გამარჯვებით დაიწყო – თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე “ლოკომოტივი” ლაშა კოხრეიძის გოლით 1:0 დაამარცხა.
23 წლის კოხრეიძე თელაველთა შემადგენლობაში მანამდეც თამაშობდა, თუმცა მიზეზთა გამო გუნდის დატოვება მოუწია, მაგრამ ახლა ისევ “თელავის” ფეხბურთელია, უფრო მეტად თავდაჯერებული და მოტივირებული. კოხრეიძე თამაშის შემდეგ “თელავის” პრესსამსახურს ესაუბრა.
–  დაბრუნება საუკეთესოდ გამოგივიდათ – გუნდმა ერთობ მნიშვნელოვანი მატჩი თქვენი გოლით მოიგო…
– მოლოცვისთვის მადლობა და ვულოცავ “თელავს” და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და გუნდისთვისაც “ლოკომოტივთან” მატჩი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამავდროულად დაძაბული. ცხადია, ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან გუნდმა ჩემი გოლით მოიგო.
– მოდით, შეხვედრის 47-ე წუთი და გოლის მომენტი გაიხსენეთ?
– სიამოვნებით: ცენტრთან ახლოს დაინიშნა ჯარიმა და ჩაწოდების დროს უკან გადმოვარდნილი ბურთი მომივიდა, გავისწორე და ეგრევე შორეულ კუთხეში დავარტყი. ბურთი ბადეში რომ დავინახე, ბუნებრივია, სიხარულისგან თავი ვერ შევიკავე. ძალიან ემოციური მომენტი იყო და გოლის აღნიშვნაც თანაგუნდელებმა ერთად ვიზეიმეთ
– სასტარტო შეხვედრას ყოველთვის ახლავს თავისებური მღელვარება და ეს ცხადად გამოჩნდა “ლოკომოტივთან” მატჩშიც – მეორე ტაიმი, პირველისგან განსხვავებით აშკარად უკეთესი იყო…
– რა თქმა უნდა, დაძაბულობა იგრძნობოდა პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და თითქმის ეგრევე გატანილმა გოლმა კიდევ უფრო მეტი სითამამე შეგვძინა, უკეთ ავთამაშდით და ვფიქრობ, პირველი სამი ქულაც დამსახურებულად ჩავიწერეთ აქტივში.
– ამ მოგებით ცხადია, “თელავის” გულშემატკივრებიც ძალიან გაახარეთ – ქომაგები თბილისში მრავლად იყვნენ…
– “თელავს” ერთ ერთი გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს და ყოველთვის ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ამ თამაშზეც დიდი ქომაგობა გვქონდა, რაც ძალიან დასაფასებელია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, მხურვალე გულშემატკივრობისთვის
მომდევნო მატჩი კვლავ სტუმრად გიწევღ, ამჯერად “სიონთან” – ბოლნისში თამაში ყველასთვის რთულია…
– დიახ, ვიცით, რომ კიდევ უფრო რთული თამაში გველოდება ბოლნისში, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ და კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ.