საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი ეტაპი გაინაღდა

0
25

2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონია 79:65 დაამარცხა. ამ გამარჯვების შედეგად საქართველომ მუნდიალის დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის მონაწილეობა გაინაღდა.
მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 21:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში ზუროსის შეგირდები გააქტიურდნენ და 25:14 იმარჯვეს. პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ 43:35 დასრულდა.
მესამე მეოთხედში მაკედონია გააქტიურდა და 17:15 მოიგო, მატჩის დასკვნითი მეოთხედი კი კვლავ ქართველთა უპირატესობით წარიმართა – 21:13.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, რომელმაც 34 წუთში 24 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგი შერმადინმა 33 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

8 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა კახაბერ ჯინჭარაძეს, მერაბ ბოქოლიშვილმა 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა დააგროვა, მიხეილ ბერიშვილის აქტივში კი 8 ქულა და 4 შედეგიანი პასია.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და თად მაკფადენმა განაცხადეს:
ილიას ზუროსი: “ბიჭებსა და ნაკრების მთელ პერსონალს მიზნის მიღწევას ვულოცავ. თავს კარგად ვიცავდით პერიმეტრზე, რაც გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა. იყო შეცდომებიც, რომლებზეც მომავალში აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. კოვიდის გამო შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. მსურს მადლობა გადავუხადო კალათბურთელებს, რომლებიც ამ ფანჯრისთვის ნაკრებში მოხვდნენ და წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. მინდა, ეს გამარჯვება ქართველ ქომაგებს მოვუძღვნა, რომელთა მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, უკრაინაში მიმდინარე ამბებს ეხება. ეს ომი უნდა შეჩერდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ 2022 წელს ომის წარმოება არასწორია”.
თად მაკფადენი: “კალათბურთს ვთამაშობთ, თუმცა, ჩვენს გარშემო უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ომს უდანაშაულო ხალხი ეწირება და ეს, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. რაც შეეხება მატჩს, მისი მსვლელობისას სოლიდურად გამოვიყურებოდით. ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც შეგვიძლია, თუმცა, გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, მეტოქე ბოლომდე საბრძოლველად რომ იყო გამოსული”.

მეორე ჯგუფური ეტაპის ორ დასკვნით მატჩს საქართველო ივლისის დასაწყისში უკრაინასა და ესპანეთთან ჩაატარებს.

ჩრდ. მაკედონია vs საქართველო 65:79