საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად ჩავიდა

0
9

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩავიდა, სადაც 27 თებერვალს ამ ქვეყნის ნაკრებთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ჩდრილომაკედონიელები 24 თებერვალს 21 ქულით – 91:70 დაამარცხა, რის შემდეგაც ორივე ნაკრები მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის გასამართად სკოპიეში გაემგზავრა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა თბილისიდან სკოპიემდე ერთად იმგზავრეს. გუნდები თბილისიდან 25 თებერვალს, 16:00 საათზე გაფრინდნენ და სტამბოლში გადაჯდომით დანიშნულების ადგილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ჩაფრინდნენ. რა თქმა უნდა, კალათბურთელებმა დაისვენეს და ძირითად ვარჯიშებს დღეს, სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში გამართავენ. დაგეგმილია 2 ვარჯიში ადგილობრივი დროით 11:00 და 19:00 საათზე.
ჩვენს ნაკრებში იგივე შემადგენლობაა, რაც წინა შეხვედრაში. მაკედონიელებს კი შესაძლოა ის 3 მოთამაშე დაემატოს, რომელიც თბილისში აკლდა. გუნდში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი გააკეთეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ და მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ანატოლი ბოისამ.