ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, სეზონის პირველი დუბლი მამუჩაშვილისგან

0
12

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე სეზონი გამარჯვებით გახსნა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი შინ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას, რომელშიც რუსეთი შეიჭრა. განვლილ შეხვედრაში ბათუმელებს სწორედ უკრაინელმა ოლექსანდრ აზაცკიმ უკაპიტნა მამუკა კობახიძის ნაცვლად.
ბათუმელები დიდ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და 36-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, როდესაც მათი შეტევის დროს ცენტრალურმა მცველმა გიორგი გადრანმა სრულიად გაუმართლებლად ქუსლით მეკარეს დაუბრუნა ბურთი, რომელსაც ირაკლი ბიძინაშვილმა მიასწრო და სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-60 წუთზე ბოლნისელთა კაპიტანმა ვარლამ კილასონიამ თავის საჯარიმოში „დინამოს“ ფორვარდი ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონი წააქცია და მთავარი მსაჯის გიორგი კიკაჩეიშვილის მიერ დანიშნული პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა.
73-ე წუთზე ჩერნოგორიელი ფორვარდი სტეფან დენკოვიჩი მარცხენა ფრთაზე კოტ დივუარელ ფორვარდ აბდულაზიზ დუმბიას გაცდა და პასი კარის წინ მდგომ ფლამარიონს მისცა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
77-ე წუთზე, მამუჩაშვილმა საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ ძელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
მე-2 ტურში, რომელიც 4 მარტს ჩატარდება, ბათუმელები ქვეყნის ვიცეჩემპიონ თბილისის “დინამოს” უმასპინძლებენ.