ნელსონ ვერისიმუ: „აიაქსთან“ თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა შედეგით“

0
13

„ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ნელსონ ვერისიმუ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ არა შედეგით. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ლისაბონში ამსტერდამის „აიაქსთან“ 2:2 დასრულებული პირველი მატჩის მერე ისაუბრა. განვლილი შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დუშან ტადიჩმა გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე „აიაქსის“ თავდამსხმელმა ალერმა გოლი თავის კარში გაიტანა. მან 29-ე წუთზე უკვე „ბენფიკას“ კარი აიღო, ხოლო 72-ე წუთზე თავი იარემჩუკმა გამოიჩინა. ალერი 11 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. „აიაქსის“ მცველი დეილი ბლინდი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 43 მატჩით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენია.
„თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა შედეგით. თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა. მატჩი დაწყებიდან მის დასრულებამდე ძალიან ინტენსიური იყო. „ბენფიკას“ ფეხბურთელები გამოვლენილი ოსტატობისთვის, თავდადებისთვის და ფიზიკური თვისებებისთვის ქებას იმსხურებენ.
მატჩის მსვლელობისას ბევრ ვითარებასთან შეგუება მოგვიწია. შედეგი გულდასაყვეტია, რადგან გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და წინ საპასუხო მატჩი გველოდება“  – ციტირებს პორტუგალიელ სპეციალიტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 მარტს ჩატარდება.