უნაი ემერი: „ტურინში მოსაგებად უნდა წავიდეთ“

0
11

უნაი ემერი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ტურინში „იუვენტუსის“ დამარცხებას გეგმავს. ესპანეთის „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პირველ შეხვედრაში შინ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა. ტურინელებიდან მატჩის 32-ე წამზე ანგარიში დუშან ვლახოვიჩმა გახნსა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო დანი პარეხომ საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე გაიტანა. “იუვენტუსმა” ყველა ტურნირში ზედიზედ 3 თამაში 1:1 დაასრულა, ხოლო 5 წელიწადია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ თამაშს ვერ იგებს.
„ჩვენ არ შეგვეშინდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად სიმწიფე გამოვავლინეთ. ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ ეს დამსახურებულად მეორეში გავაკეთეთ.
გოლის გაშვების შემდეგ თამაშში დავბრუნდით, ანგარიში გავათანაბრეთ და მოგებას ვცდილობდით. ამან საშუალება მოგვცა გაგვედო, რომ ასეთ გუნდებთან მატჩში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს და ამიტომ, თავი არ ჩაგვიქინდრავს. ტურინში მოსაგებად უნდა წავიდეთ.
რაულ ალბიოლი შესვენებაზე თანაგუნდელებს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარა და თამაში შევცვალეთ. მეორე გოლის გაშვების შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და შედეგით სრულებით კმაყოფილი ვართ.
ვლახოვიჩის მსგავსი ფეხბურთელები მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მან პირველივე წუთზე გაიტანა და ჩვენი კარის აღება კიდევ შეეძლო. მთელი მატჩის განმავლობაში მისი შეკავება რთულია. თუმცა, საერთო ჯამში, ის და მორატა თამაშიდან გამოვთიშეთ.
„იუვენტუსი“ ისევ ფავორიტია, მაგრამ გვსურს ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენოთ და შემდეგ რაუნდში გასვლისთვის კარი ღია დავტოვოთ. მსგავსი თამაშები აჩვენებენ, რომ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და გვინდა მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ჩვენ გვსურს გავიმარჯვოთ, ძლიერები ვიყოთ და საკუთარი თავისგან ბევრს ვითხოვთ.
რა თქმა უნდა, VAR-ს სხვა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო რაბიოს სახიფათო თამაშის შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში არბიტრმა იდეალურად იმსაჯა. შესაძლოა, ტელევიზორში ეს კონტაქტი უფრო საშინლად ჩანდა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ მომენტში რაბიოს წითელი ბარათი რომ მიეღო ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ ამაზე გამოკიდევ არ მსურს“ – იუწყება ემერის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ტურინში 16 მარტს ჩატარდება.