ბაჩანა ცხადაძე “რუსთავის” სპორტულ დირექტორად დანიშნეს

0
65
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის“ ახალ სპორტულ დირექტორად ბაჩანა ცხადაძე წარადგინა.
 ლაცაბიძემ კლუბის ახალ მენეჯმენტთან და ფეხბურთელებთან შეხვედრაზე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და კლუბ ,,რუსთავის“ გაძლიერების მიზნით უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, რუსთავის მერია, საფეხბურთო კლუბის ,,რუსთავი“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას და სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
საფეხბურთო კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობას, რუსთავის მერია კლუბის ახალ მენეჯმენტთან ერთად დაიწყებს.
რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ, ის 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა.
რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წლის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა.
კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ბაჩანა ცხადაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია და საკლუბო დონეზე არაერთი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. ბოლო წლებში მის მიერვე დაფუძნებულ კერძო საფეხბურთო სააგენტოში მოღვაწეობდა.