World Rugby-s მხარდაჭერა ‘შავ ლომს’ და ქარი ქაფის კალენდარი

0
16

მსოფლიო რაგბი პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ შექმნას, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში – ქარი ქაფში ჩართვას, ქართული რაგბის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევს!
„ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა საქართველოს მაღალი მიღწევების პროგრამისთვის და მსურს მოგილოცოთ ამ მიზნის მიღწევა!“ – წერია მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების დირექტორის, პიტერ ჰორნის ოფიციალურ წერილში, რომელიც მან საქართველოს რაგბის კავშირს გამოუგზავნა.
„მსოფლიო რაგბი წლების განმავლობაში მოგვიწოდებდა პროფესიული ფრენჩაიზის შექმნისკენ, რადგან რაგბის განვითარებისთვის, მათი აზრითაც, ეს  მნიშვნელოვანია. ეს წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა და ახლა, მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ისეთი პროფესიული ფრენჩაიზი, როგორიც თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანას ყავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის შემდეგ, მოვიპოვეთ უფლება და ჩვენი ფრენჩაიზი ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ უფრიკის უძლიერეს შიდა ჩემპიონატში“ – ამბობს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე.
მსოფლიო რაგბში დარწმუნებულნი არიან, რომ ქარი ქაფში თამაში მნიშვნელოვნად აამაღლებს ელიტური მორაგბეებისა და მაღალი მიღწევების პერსონალის კვალიფიკაციას და ეს პროექტი დიდ გავლენას იქონიებს ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხზე 2023 წლის მსოფლიო თასზე.„მოუთმენლად ველით საქართველოს გამოჩენას ქარი ქაფის 2022 წლის გათამაშებაში და მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასის კამპანიაში“ – აღნიშნულია მსოფლიო რაგბის წერილში.
მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა ამით არ შემოიფარგლება – გაგრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტირება მაღალი მიღწევების მიმართულებით. გარდა ამისა, მსოფლიო რაგბი ‘შავ ლომს’ დაეხმარება თამაშების განრიგის შეჯერებაში, რადგან ქარი ქაფის და რაგბი ევროპის სუპერ თასის ფლეი ოფების თამაშები ერთმანეთს ემთხვევა.
„სამწუხაროდ, ტურნირის განრიგებს შორის მოხდა დამთხვევა. ჩვენთან ერთად, სამხრეთ აფრიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში მსოფლიო რაგბიცაა ჩართული. გარდა ამისა, რუსეთთან თამაშს დაესწრება რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი, მასთან ერთად შევაჯერებთ მიმდინარე ტურნირების განრიგს, რათა ორივე მათგანში შეუფერხებლად მივიღოთ მონაწილეობა. სამომავლოდ, ამ ტურნირების განრიგი თავიდანვე შეჯერება, რათა მსგავსი პრობლემები აღარ შეგვექმნას“ – ამბობს ბაჩო ხურციძე.
ამასობაში, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ქარი ქაფის პირველი დივიზიონის კალენდარი ოფიციალურად დაამტკიცა. მასში 7 ადგილობრივი (ლეოპარდსი, გრიფონსი, ვალკე, ბოლანდ კავალიერსი, ესთერნ პროვანსი, ბორდერ ბულდოგსი, იგლსი) და სამი წვეული გუნდი (შავი ლომი, კენია, ზიმბაბვე) მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი 1/2 აპრილს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 24/25 ივნისსაა ჩანიშნული.