მასიმილიანო ალეგრი: „20 დღეში ტიტულის მოგების პრეტენდენტებად ვიქეცით“

0
12

მასიმილიანო ალეგრის მიაჩნია, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წარმატების მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დღეს სტუმრად ესპანეთის „ვილიარეალთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„20 დღეში ტიტულის მოგების პრეტენდენტებად ვიქეცით. თუმცა, ბალანსი აუცილებელია. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვლახოვიჩს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ექნება, მაგრამ მასზე ზეწოლა საჭირო არაა. მას მხარდაჭერა სჭირდება და ბოლომდე უნდა დავიცვა, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც მცირე გამოცდილება აქვთ. ეს ფსიქოლოგიის საკითხია. მან პირველად ნახა გაზეთში მთელი სვეტი, რომელიც ეძღვნებოდა კითხვას თუ რატომ ვერ გაიტანა. მანამდე, მსგავსი რამ არ შემთხვევია.
ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე საჭირო შედეგს მივაღწევთ. ჩვენი იმისთვის კი არ ვთამაშობთ, რომ გავვარდეთ, არამედ, მოსაგებად.
დიბალა არ ითამაშებს, რაც სერიოზული დანაკლისია. მორატა და ვლახოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში ნამდვილდ იქნებიან, მაგრამ ნახევარდაცვასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რადგან რაღაც ეჭვები მაქვს.
ამ სტადიაზე საჭიროა კარგად ვითამაშოთ და იღბლის იმედი უნდა გვქონდეს. რთული შეხვედრა გვექნება იმის მიუხედავად ხალხი რას ფიქრობს. „ვილიარელია“ კარგად განსწავლული და საუცხოო გუნდია. ჩვენ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.