ლობჟანიძის მარცხი სტამბოლში, ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე

0
15

„ჰათაისფორი“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის, სატურნირო ცხრილში დაქვეითებას განაგრძობს, არადა, სეზონის პირველ ნახევარში სამეულში ტრიალებდა. თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში ჰათაელები სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს. მასპინძლებიდან ორივე გოლი დურსუნმა გაიტანა, რომელმაც 67-ე და 81-ე წუთზე დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 39 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ზამთრის პაუზის შემდეგ დანიის სუპერლიგა განახლდა და გათამაშების ლიდერმა „კოპენჰაგენმა“ შინ „ოდენსე“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლების თადარიგში იყო და არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში სასტარტოს ფეხბურთელი იყო და ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. „კოპენჰაგენი“ 36 ქულით 12-გუნდიან სუპერლიგას ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მიდტიულანდს“ ქულით ასწრებს.