„ვალენსია“ „ბარსელონასთან“ უშანსოდ დამარცხდა – მამარდაშვილის მორიგი მატჩი გრანდთან

0
14

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ მორიგი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ვალენსიელებმა „ბარსელონას“ უმასპინძლეს და უშანსოდ წააგეს. კატალონიელებმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და „მესტალიადანა“ 3 ქულა დამსახურებულად წაიღეს. ხავის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებას სათავე გაბონელმა ფორვარდმა ობამეიანგამ დაუდო, რომელსაც ალბამ თავისი ნახევრიდან საუცხოო პასი გაუკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ მასპინძლების დაცვა „ჩავარდა“ და აფრიკელმა „ბარსას“ მაისურით პირველი გოლი “ცხრიანში” უძლიერესი დარტყმით გაიტანა.
32-ე წუთზე სტუმრებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ალბამ ძალიან კარგი პასით დაიწყო, დემბელემ კი ფრენკი დე იონგი მოძებნა მეტოქის კარის წინ და ნიდერლანდელმა ანგარიში გაზარდა. 38-ე წუთზე ობამეიანგმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და კატალონიელებმა ტაიმი სამბურთიანი სხვაობით მოიგეს.
52-ე წუთზე, მარცხნიდან ბრაიან ხილის გადაცემის მერე სოლერმა ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე პედრიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა და მას მერე რაც ბურთი ობამეიანგს ზურგზე შეეხო, მიმართულება შეიცვალა და კარში აღმოჩნდა. თავდაპირველად გოლი პედრის ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით ის ობამეიანგის ანგარიშზე ჩაწერეს და გაბონელმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
„ბარსელონა“ კიდევ ერთი გრანდი აღმოჩნდა, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მამარდაშვილმა ითამაშა. მანამდე, საქართველოს ნაკრების მეკარე სასტარტოში „რეალთან“ და „სევილისთან“ შეხვედრებში იყო.
“ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ 9 მატჩი არ წააგო – 5 გამარჯვება და 4 ფრე.