გიგა სურმავა: “მერანი” პირველი ადგილისთვის იბრძოლებს”

0
47

მარტვილის „მერანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თურქული შეკრება შეაფასა და გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
გიგა სურმავა: “ვიდრე უშუალოდ თურქულ შეკრებაზე ვისაუბრებდე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს ამ ყველაფრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ძალიან თბილად დაგხვდნენ ანტალიაში და გაგვიმასპინძლდნენ. რაც შეეხება შეკრებას, გუნდისთვის ეს ძალიან დადებითი მუხტი იყო და როგორც ჩვენმა მწვრთნელმაც აღნიშნა, აქცენტი არა შედეგზე, არამედ ფეხბურთელების მაღალ დონეზე მომზადებაზე იყო გაკეთებული და ვფიქრობ შეკრება ნაყოფიერი გამოვიდა.
ორჯერადი ვარჯიშების და ტაქტიკური მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანი იყო ამხანაგური მატჩების გამართვა საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან. გამოვარჩევდი „თურანთან“ შეხვედრას, სადაც „მერანმა“ პირველ ნომრად ითამაშა და გამარჯვებასთან ახლოს იყო. საინტერესო თამაში იყო დანიურ „ნესტვედთან“, ძალიან მაღალ დონეზეა დანიური ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით, იმ შეხვედრაშიც დავინახეთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები.
მთლიანობაში, თურქული შეკრებით კმაყოფილი ვარ, ამ უცხოური სამზადისის მთავარი დანიშნულება ის გახლავთ, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოდ წარმოვაჩონოთ თავი და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მაღალ კონდინციებზეა. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ტრავმიანობა არ გვაწუხებს და გუნდში ყველა პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა”.
ეროვნულ ლიგა 2-შიმერანისმიზანი..
ჩვენ არ გვიყვარს ხმაურიანი განცხადებების გაკეთება.. შარშან გუნდის მთავარი ამოცანა იყო ხუთეულში მოხვედრა, რადგან გარდამავალი პერიოდი გვქონდა, თუმცა, შეიძლება ითქვას საკუთარ თავს და ძალებს გადავახტით და რომ არა საფეხბურთო ფორტუნა და ძლიერი მეტოქე, შეიძლება ახლა ეროვნულ ლიგაში ვყოფილიყავით. მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია, „ტორპედოსთან“ პლეიოფის ორმატჩიანი დაპირისპირებით დიდი გამოცდილება მივიღეთ.
„მერანი“ განვითარებადი გუნდია, ჯესი სურმავასთან ერთად ყოველდღიური მუშაობა გვაქვს კლუბის მომავალ გეგმებზე, გვაიმედებს მარტვილის საფეხბურთო აკადემია, საიდანაც აუცილებლად დაწინაურდებიან ძირითად გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 წლის მეკარე – საბა ქაჯაია, რომელმაც „მერანთან“ ერთად გაიარა თურქული შეკრება და მჯერა რომ ეს მისთვის დიდი მოტივაცია იქნება.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „მერანში“ 9 მარტვილელი ფეხბურთელი თამაშობს და ჩვენი მიზანია ეტაპობრივად, ადგილობრივი კადრების არეალი გაიზარდოს. თუ არ ვცდები, ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მოწინავე გუნდი ვართ ამ კუთხით.
წელს, „მერანს“ შარშანდელთან განსხვავებით გამოკვეთილი მიზანი ექნება, რესურსიდან და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს გუნდში დღეს არის, შემიძლია ვთქვა რომ, ჭყონდიდური გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. მართალია, ეს არ იქნება იოლი, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვეყოლება ეროვნულ ლიგა 2-ში, მაგრამ ვფიქრობ უკვე დროა „მერანი“ დაუბრუნდეს ქართულ საფეხბურთო ელიტას.
სილაზე და მასოაბიზე..
სილა „მერანისთვის“ დიდი ძალაა, ის წინა სეზონის თანაბომბარდირია და დიდი წვლილი შეიტანა „მერანის“ წარმატებაში. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ჩვენი მწვრთნელების და ჭყონდიდური გარემოს დიდი დამსახურებაც არის, ის რომ სილა დღეს ასე მოწოდების სიმაღლეზეა.
კარგი სეზონის შემდეგ, ბუნებრივია მისით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული და მოლაპარაკებებიც გაიწელა, თუმცა სასიხარულოა, რომ მაინც მივედით შეთანხმებამდე.
რაც შეეხება მასოაბის. ცოტა გაურკვეველი სიტუაცია შეგვექმნა ნკოტოსთან დაკავშირებით, მაგრამ მასოაბის „მერანთან“ აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, „მერანის“ ფეხბურთელია და ჩვენი სურვილია, რომ მან ახალ სეზონშიც აქ ითამაშოს.
ეროვნული ლიგა 2 მალე დაიწყება..
ეროვნული ლიგა 2-ში გახსნით მატჩს საკუთარ არენაზე გავმართავთ და ეს კარგია. ჩვენს ერთგულ ქომაგებთან ერთად შევეცდებით კარგი სტარტით დავიწყოთ ეს სეზონი. ზოგადად, „მერანის“ ერთ-ერთი დამატებითი ძალა გულშემატკივარი იქნება და ერთი მუხტით, აუცილებლად მივალთ ერთ მიზნამდე.