ბათუმის “დინამომ” სეზონი ტიტულით დაიწყო – შავიზღვისპირელთა მეორე სუპერთასი

0
22

ბათუმის “დინამომ” საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო. ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია  პენალტების სერიაში დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის “საბურთალო” დაამარცხა, რომელსაც ლევა კორღალიძე წვრთნის.
ბათუმელებმა სუპერთასზე მეოთხედ ითამაშეს და მეორედ გაიმარჯვეს – პირველად შავიზღვისპირელებმა ეს ჯილდო 1998 წელს მოიგეს – თბილისის “დინამო” 2:1 დაამარცხეს. “დინამოს” თავკაცმა გია გეგუჩაძემ სამწვრთნელო კარიერაში სუპერთასი მეორედ მოიპოვა – პირველად იგი ამ ტიტულს 2015 წელს თბილისის “დინამოშ” მუშაობის დროს დაეუფლა. ბათუმის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს”, “ზესტაფონის” და თბილისის “ამერის” შემდეგ მეოთხე გუნდი გახდა, რომელმაც სუპერთასი 2-ჯერ მოიგო – რეკორდსმენი თბილისის “დინამოა” 8 გამარჯვებით. “საბურთალომ” სუპერთასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ მოიგო, ხოლო ორჯერ დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ ქუთაისში სუპერთასის მატჩი მეორედ ჩატარდა.
გია გეგუჩაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში კახა ჩხეტიანის და გიორგი ჩიხრაძის შემდეგ მესამე მწვრთნელია, რომელმაც სუპერთასი 2-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის სუპერთასზე ჩატარებული მესამე მატჩით აწ გარდაცვლილ შოთა ჭეიშვილს (“დინამო” ბთ.) და სოსო ფრუიძეს (“ჩიხურა”) გაუტოლდა. ამ მხრივ რეკორდსმენი კახა ჩხეტიანია, რომელმაც ქუთაისის “ტორპედოს” და თბილისის “დინამოს” თავკაცის რანგში სუპერთასზე 4 შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში პირველად ვითარება 25-ე წუთზე გამწვავდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ვლადიმერ მამუჩაშვილი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ჯაბა ჯიღაურმა თბილისელთა მცველ დავით უბილავასთან ორთაბრძოლაში მიიღო და შემოტრიალებულმა ძალიან არაზუსტად დაარტყა.
37-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილი მარჯვენა ფრთიდან თანაგუნდელის მიმართულებით გადაცემას აკეთებდა, მაგრამ ბურთი თავის საჯარიმოში მდგომ გიორგი ლაცაბიძეს ხელში მოხვდა და ბათუმელთა მოთხოვნის მიუხედავად არბიტრ,ა არსენა ნონიკაშვილი პენალტი არ დანიშნა – „დინამო“ მხოლოდ კუთხურს გამორჩა. სტანდარტული გაფრინდაშვილმა შეასრულა და უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ აზაცკიმ ახლო მანძილიდან თავით გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.
ტაიმის მიწურულს გაფრინდაშვილის კარგი პასის შემდეგ ჯიღაურს „საბურთალოს“ საჯარიმოში ბურთი რომ დაემორჩილებინა ოთო გოშაძესთან პირისპირ დარჩებოდა.
55-ე წუთზე, ბრაზილიელმა ფლამარიონმა თბილისელთა საჯარმოში გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც პასი არ დაუგვიანა გაფრინდაშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და გოშაძე ბურთს დაეუფლა,
61-ე წუთზე, გაფრინდაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან იერიში წამოიწყო, მეტოქის საჯარიმოში ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და ბურთი „საბურთალოს“ კარის მიმართულებით სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ გაგზავნა. ამ ეპიზოდიდან სამ წუთში მარჯვნიდან გაფრინდაშვილის ჩაწოდების შემდეგ, თბილისელთა საჯარიმოში ბურთი ფლამარიონმა მიიღო და დაარტყა – გოშაძემ ისევ საიმედოდ ითამაშა.
70-ე წუთზე „საბურთალოს“ ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ დაახლობით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და კუპატაძემ ბურთი ხელებში ვერ დაიმორჩილა, ხოლო დამატებაზე მყოფი ირაკლი სიხარულიძე თამაშგარეში აღმოჩნდა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და სუპერთასის რეგლამენტის მიხედვით დამატებით ნახევარი საათი არ დაინიშნა, არამედ, გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაარტყეს. თერთმეტმეტრიანებუ უფრო ზუსტად ბათუმელებმა შეასრულეს – 7:6.
პენალტების სერია დრამატული აღმოჩნდა. ბათუმელებიდან თავისი შანსი მამუჩაშვილმა, კობახიძე, ფლამარიონმა, ლობჯანიძემ, ფალავანდიშვილმა, აზაროვმა და ანანიძემ გამოიყენეს – გაფრინდაშვილმა ააცია, ხოლო ბიძინაშვილს გოშაძემ აუღო. “საბურთალოდან” თერთმეტმეტრიანი ზუსტად შოთა ნონიკაშვილმა, სიხარულიძე, ჯგერენაიამ, გოჩოლეიშვილმა, ლაცაბიძემ და კაკუბავამ შეასრულეს. მას მერე რაც ბიძინაშვილმა ვერ გაიტანა, “საბურთალოდან” პენალტის ნიშნულთან გოშაძე მივიდა და რომ გაეტანა გუნდს სუპერთასს მოაგებინებდა, მაგრამ კუპატაძემ მისი დარტყმული მოიგერია, ისევე როგორც მანამდე ქავთარაძის. ამის შემდეგ “დინამოდან” თავი ანანიძემ გამოიჩინა, ხოლო იაშვილს კუპატაძემ აუღო და ბათუმელებმა ახალი სეზონი ტიტულით დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ სუპერთასის ჩატარების ისტორიის განმავლობაში გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში მესამედ გაირკვა – 2012 წელს “ზესტაფონმა” “დილა” (0:0. 4:2 პენ.) დაამარცხა, ხოლო 2021 წელს თბილისის “დინამომ” “გაგრა” (2:2, 5:4 პენ.).
დაჯილდოვების ცერემონიაზე გამარჯვებულებს სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.


დინამო” (ბთ) – საბურთალო”(თბილისი) 0:0 (0:0) (7:6, პენ.)
20 თებერვალი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„დინამო“ (ბთ.): კუპატაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ანანიძე, 78), ტეიდი (ბიძინაშვილი, 73), გაფრინდაშვილი, ჯიღაური (ფალავანდიშვილი, 54), ზარია (ფლამარიონი, 54), ფანცულაია (ლობჯანიძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
„საბურთალო: გოშაძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), უბილავა, ლაცაბიძე, ქარდავა, ლევან ნონიკაშვილი (ნოდარ ქავთარაძე, 77), შოთა ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი (იაშვილი, 90+3), ტაბატაძე (სიხარულიძე, 64).
მთავარი მწვრთნელი:
ლევან კორღალიძე.
გაფრთხილება: მამუჩაშვილი (10), გაფრინდაშვილი 27), ქარდავა (32), ფალავანდიშვილი (65), ქავთარაძე (81).
მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი