ქეცბაიას და ლორიას მოგება აპოელის ქართულ ტრიოსთან

0
14

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ფამაგუსტელები სტუმრად აპოელს შეხვდნენ და დაუძინებელი მტრების დაპირისპირებაში თასის მოქმედმა მფლობელმა 3 ქულა აიღო.
„ანორთოსისმა“, რომლის კარში ორი ტაიმი გიორგი ლორია იდგა, ანგარიში 27-ე წუთზე ხრისტოდოლოპულოსის დარტყმის შემდეგ გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. არადა, მსაჯმა “ანორთოსისის” კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიას უნდა შეესრულებინა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 72-ე წუთზე სტუმრებიდან მეორე გოლი ხრისოსტომუმ გაიტანა, ხოლო 4 წუთში მასპინძლებს არგენტინელი მცველი საბალა გაუძევეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
აპოელში თავდამსხმელმა ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი პირველი ტაიმის მერე მოედანზე არ გამოჩენილა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ ტრავმა მიიღო და 85-ე წუთზე მოედანაი დატოვა. მასპინძლებს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და თამაში 9 კაცით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ქართული ტრიო შარშან სწორედ „ანორთოსისში“ გამოდიოდა. ფამაგუსტელებს 37 ქულა აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან, აპოელი 36 ქულით მესამეა.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ როდესაც „ანორთოსისი“ნიქოზიიდან ლარნაკაში ბრუნდებოდა, აპოელის ფანებმა ავტობუსს ქვები დაუშინეს და დააზიანეს.