“სახელმწიფოსა და სფფ–ს მხრიდან წყალტუბოში სამი სავარჯიშო მოედნის გაკეთება იგეგმება”

0
19

წყალტუბოს ,,სამგურალის” პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი ანტალიაში გუნდთან ერთად იმყოფებოდა და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც დაესწრო. საინტერესოა, როგორ აფასებს ის მოსამზადებელ ეტაპს და როგორი განწყობით ხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,სამგურალის” ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი სხვა საინეტერესო და დამაიმედებელ თემებზეც გვესაუბრა.
თავდაპირველად მოსამზადებელ ეტაპზე ვისაუბროთ, როგორ შეაფასებდით ,,სამგურალისმიერ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებს?
– ვფიქრობ, შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ,,სამგურალის” სამ შეხვედრას დავესწარი და მინდა ვთქვა, რომ გუნდი პროგრესის გზას ადგას, ის პოულობს თავის თამაშს. ბოლო საკონტროლო მატჩში ხარკოვის ,,მეტალისტთან”, რომელიც საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო, კარგად გამოვიყურებოდით. მართალია, თამაშის დასაწყისში შეცდომა დავუშვით და გოლი გავუშვით, მაგრამ საერთო ჯამში თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ და საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ვყალიბდებით. ბოლო საკონტროლო მატჩი ამის თქმის საფუძველს მაძლევს. კმაყოფილი ვარ სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, მათი საქმისადმი დამოკიდებულებით, ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ვფიქრობ, მათი შრომა კარგ შედეგს მოიტანს.
გუნდი უკვე საბოლოოდ დაკომპლექტებულია თუ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ უნდა ველოდოთ სიახლეებს?
–ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სანკტ-პეტერბურგის ,,ზენიტთან” ნიკიტა სიმდიანკინის ტრანსფერთან დაკავშირებით. ნიკიტა თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მწვრთნელები კმაყოფილი არიან მისი თამაშით. თუ აღნიშნული ტრანსფერი განვახორციელეთ, ვფიქრობ, სიმდიანკინის სახით ,,სამგურალი” საკმაოდ კარგ ფეხბურთელს შეიძენს. სხვა მხრივ, ჩვენ ამ ეტაპისთვის დაკომპლექტებულები ვართ. ვნახოთ, ზაფხულზე თუ დაგვჭირდა გარკვეულ პოზიციების გაძლიერება, ამისთვისაც მზად ვიქნებით.
წყალტუბოს სტადიონზე მოედნის საფარის გამოცვლა იწყება, სად ივარჯიშებს და ითამაშებს ,,სამგურალიჩემპიონატის პირველ ეტაპზე?
– სავარჯიშო პირობები საქართველოში მასშტაბური პრობლემაა, განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ დასავლეთ საქართველოშია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გუნდი 1 მარტამდე წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს, შემდეგ კი გარკვეული ხნის მანძილზე, სანამ მოედანი მოწესრიგებდა, წვრთნები ზესტაფონში იქნება. ჩემპიონატის მატჩებსაც იქ ჩავატარებთ.
საფარის გამოცვლასთან ერთად სტადიონზე განათების დამონტაჟებაც ხომ არ იგეგმება?
– კარგია, რომ პირველ ეტაპზე ინდივიდუალური სკამებისა და სტადიონის შემოღობვის პრობლემა მოგვარდა. ეს სფფ–ს აუცილებელი პირობა იყო. ახლა მოედნის საფარიც გამოიცვლება და გუნდი მაისში საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. შემდეგი ეტაპი იქნება განათების გაკეთება და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება. საკუთარ არენაზე დაბრუნების შემდეგ ვგეგმავთ ბილეთების რეალიზაციას, ეს კლუბითვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები მთლიანად სტადიონის მოვლასა და წყალტუბოში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. ასევე მიმდინარე წლის მაისიდან ვგეგმავთ სტადიონის ტერიტორიაზე ფანშოპის გახსნას. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები გვერდით დაგვიდგებიან და წარმატებებს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ.
კლუბი განვითარების გზას ადგას და ძალიან მნიშვნელოვანია საწვრთნელი ბაზის საკითხი, ამ მხრივ ხომ არ უნდა ველოდეთ სიახლეებს?
– ბაზის თაობაზე გვაქვს ძალიან დამაიმედებელი პერსპექტივები. 2023 წელს საქართველოში ტარდება ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი. სახელმწიფოსა და სფფ–ს მხრიდან იგეგმება წყალტუბოში სამი სავარჯიშო მოედნის გაკეთება, თავისი განათებებითა და ინფრასტრუქტურით. ამ მოედნებზე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ივარჯიშებენ და ქუთაისში ითამაშებენ. სამუშაოები წლეულს დაიწყება და 2023 წელს დასრულდება. ასე რომ, სახელმწიფოსა და ფედერაციისგან სიურპრიზის მოლოდინში ვართ.
მთავარ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება ,,სამგურალი 2″ . ახალგაზრდულ გუნდს რა პერსპექტივები აქვს?
– გასულ წელს ,,სამგურალი 2″ ერთი საფეხურით მაღლა, მეოთხე ლიგაში გადავიდა. გუნდი დაკომპლექტებულია ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებით, ასევე რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ ქუთაისიდან. მთავარ მწვრთნელად დავნიშნეთ ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ნერგაძე, რომელიც მთავარ გუნდში წლების განმავლობაში მუშაობდა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გუნდი გვეყოლება და ლიგა 3–ში გადასასვლელად ვიბრძოლებთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ასაკობრივ გუნდებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგანაც ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ ახალგაზრდები არიან.
ფარმკლუბებს ფეხბურთელების ასაკი შეზღუდული აქვთ, არადა ლიგა 4–ში უმეტესად გამოცდილი ფეხბურთელებით არიან გუნდები დაკომპლექტებული, ასეთ ვითარებაში რთული არ იქნება მიზნის მიღწევა?
– რა თქმა უნდა, ამ მხრივ არაკონკურენტუნარიან გარემოში ვართ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ბრძოლისუნარიან გუნდს შევქმნით და მიზანს მივაღწევთ. ზოგადად კი, ჩემის აზრით, სფფ–მ უნდა გადახედოს დაბალ ლიგებში ასაკობრივ ზღვარს. თუ რეგიონებში ფეხბურთის განვითარება გვინდა, დაბალ ლიგებში უმეტესად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ შანსი და ასე უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოიკვეთება.