გიორგი მიქაძე: “ოფიციალურ მატჩებამდე კომპონენტებს გავაუმჯობესებთ”

0
9

სამგურალმა” თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრა მოიგო. ჩვენმა გუნდმა დღეს ტიმიშოარას ,,რიპენსია” ნიკიტა სიმდიანკინის გოლით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ რუმინელებთან სპარინგ–მატჩზე კომენტარი ,,სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ გააკეთა.
გიორგი მიქაძე: ,, მოსამზადებელ ეტაპზე დიდი დატვირთვების ფონზე თამაში მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ ხომ კონკრეტული მატჩისთვის არ ვემზადებით, ამხანაგური თამაშები იმისთვის გვჭირდება რომ, ფორმაში შევიდეთ, ჩვენი თამაში ვიპოვოთ, ფიზიკურად კარგ კონდიციაში ვიყოთ და ტაქტიკური თვალსაზრისითაც წინ წავიდეთ.
კონკრეტულად თამაშს რაც შეეხება, ,,რიპენსიასთან” საინტერესო სპარინგი გამოვიდა. წინა მატჩის შემდეგ დაცვაში თამაშის დახვეწაზე ვმუშაობდით, გვქონდა ისეთი ტაქტიკური დავალებები, რომლებიც შემდეგ ოფიციალურ თამაშებში უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა დავალებებს კარგად გაართვეს თავი. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო. შევეცდებით, რომ ოფიციალურ მატჩებამდე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი, ავწიოთ რეალიზების ხარისხი და პროცენტულობა”.
–დღეს გამარჯვების გოლი რუსმა ლეგიონერმა ნიკიტა სიმდიანკინმა გაიტანა, მის თაობაზე რას იტყვით?
– ნიკიტამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, რომ გამოგვადგება. შეკრების ბოლომდე კიდევ გვაქვს თამაშები და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. მიხარია გოლი, რომ გაიტანა. სანკტ პეტერბურგის ,,ზენიტის” სკოლა აქვს გამოვლილი, ,,ზენიტის” მეორე გუნდიდან დავიმატეთ, საკმაოდ განათლებულია საფეხბურთო კუთხით, ფიზიკურადაც კარგად არის მომზადებული, ათლეტური ფეხბურთელია და ვფიქრობ, ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს.
– ორიოდე დღეში კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გაქვთ…
– ხვალ აღდგენითი ვარჯიში გვექნება, ზეგ კი ძალიან სერიოზულ გუნდს ხარკოვის ,,მეტალისტს” დავუპირისპირდებით. ასეთი რთული მეტოქეები შეგნებულად შევარჩიეთ, გვინდა, რაც შეიძლება მეტი დატვირთვა გვქონდეს ფიზიკური თვალსაზრისით. ,,მეტალისტი” სწრაფი და მოძრავი გუნდია და ვფიქრობ, რომ კარგი სპარინგი გამოგვივა. უკვე ხარისხზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და წინა მატჩებზე უკეთ უნდა ვითამაშოთ.
– გუნდში სენეგალელი თავდამსხმელი ბაბაკარ ტუნკარა ისინჯებოდა, ბოლო ორი მატჩია ის არ გამოჩენილა, დატოვა კლუბი?
– ტუნკარა არ იყო ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ მას ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა გადატანილი, კოჭის მოტეხილობა, რომელიც ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი. თავადაც გვითხრა რომ კოჭი ისევ აწუხებდა. მის რეაბილიტაციას და ფორმაში შესვლას დიდი დრო დასჭირდებოდა. ჩვენ კი ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც სეზონისთვის ყველანაირად მზად იქნებიან. სწორედ ამის გამო დავემშვიდობეთ, სხვა მხრივ საკმაოდ საინტერესო ფორვარდი იყო.