„ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ 10 წლის წინანადელი გაახსენა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და უხვგოლიან დაპირისპირებაში 3 ქულა აიღო. შეხვედრა მასპინძლებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო, რადგან მე-8 წუთზე მადრიდელთა კარგი კომბინაციის დროს ლუის სუარესის გადაცემის შემდეგ კარასკომ ანგარიში გახსნა. „ბარსელონამ“ სტატუს-კვო სწრაფად აღადგინა, როდესაც დანი ალვეშის პასის მერე ხორდი ალბამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად შორეულ „ცხრიანში“ გაახვია – გოლი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ტაიმის შუაწელში კატალონიელტა ახალწვეული ადამა ტრაორე მარჯვენა ფლანგზე ერთ მცველს გასცდა და სტუმართ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გავიმ საჰაერო ორთაბრძოლაში  მცველებს აჯობა და თავით გაიტანა. ტაიმის მიწურულს არაუხომ „ატლეტიკო“ მესამედ დაამწუხრა. მეორე ტაიმის განახლებიდან ოთხ წუთში ალვეშმა უკნიდან ფეხი კარასკოს წვივის კუნთში ჩაარტყა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 58-ე წუთზე სუარესმა ყოფილი გუნდის კარი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით აიღო, თუმცა დარჩენილ დროში „ატლეტიკომ“ მეტი ვერაფერი მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ ტრაორეს გარდა „ბარსაში“ გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგის დებიუტი შედგა.
მადრიდელებმა ერთ მატჩში 4 გოლი 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვეს და მაშინაც „ბარსელონასთან“ დამარცხდნენ „კამპ ნოუზე“ 1:4.