კახა ცხადაძე: “მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი მომენტების რეალიზება უკეთ შევძლოთ”

0
11
თურქული შეკრების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განვლილი პერიოდი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კახა ცხადაძე: “ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, კარგია. ხშირად ხდება ხოლმე, რომ გარემო ფაქტორები შეკრების სრულფასოვნად ჩატარებას ხელს უშლის, მაგრამ კარგია, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა და ყველაფერი ისე წარიმართა როგორც დავგეგმეთ. საკონტროლო თამაშებში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თანაბარი დატვირთვა მიიღო.
ბოლო მატჩში ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით, “ლუდოგორეცი” რამდენიმე წელია საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი ხდება, ამასთან ერთად გუნდი ხშირად ასპარეზობს როგორც  ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რა თქმა უნდა ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია რომ ყველა ის ტაქტიკური მონახაზი, რომელიც იდეაში გვქონდა განხორციელდა.
რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი იყო და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი მომენტების რეალიზება უკეთ შევძლოთ. ​ძალიან მიხარია, რომ ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში ჩვენი აკადემიის ექვსი მოთამაშე იყო. ამის გათვალისწინებით, სასიხარულოა, რომ ისეთი მაღალი დონის გუნდთან, როგორიც “ლუდოგორეცია” არათუ დაცვაში ჩავჯექით, არამედ უპირატესობას ვფლობდით.
ის ტაქტიკური ვარჯიშები, რომელიც შეკრების პირველ ეტაპზე გვქონდა გაგრძელდება და ამ ყველაფერს დაემატება ვარჯიშები, სადაც ფეხბურთელებმა უფრო მეტად რეალიზაციაზე უნდა იმუშაონ.
​ჩემპიონატის სტარტს სხვანაირი დატვირთვა აქვს, როგორც მორალური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თავიდანვე რთული მატჩებით ვიწყებთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენთვის არაა ასე, მოწინააღმდეგე გუნდებიც ანალოგიურ სიტუაციაში არიან. ახლა მთავარია, რომ აღნიშნულ მატჩებამდე სწორად მივიდეთ და გუნდი მაქსიმალურად მზად შეხვდეს ახალ სეზონს. ჩვენი მიზანი ყველა გუნდთან გამარჯვებაა, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დავუპირისპირდებით ამა თუ იმ გუნდს.”
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური კლუბი შეკრების მეორე ეტაპს 5 თებერვლიდან კვლავ ბელეკში დაიწყებს. “დინამო” საწვრთნელი შეკრების ფარგლებში კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
მატჩების განრიგი

08.02.2022 | დინამო თბილისი – დინამო კიევი
10.02.2022 | დინამო თბილისი – დინამო მოსკოვი
11.02.2022 | დინამო თბილისი – რანდერსი
15.02.2022 | დინამო თბილისი – ფახთაქორი