ავთანდილ ასათიანი: “ქართულმა ფუტსალმა გაიმარჯვა”

0
26
რუსეთთან ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.
“მიყვარს ჩემი გუნდი, რადგან თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გააკეთა. ჩვენთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და სადებიუტო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით.
მეოთხედფინალში დაგვაკლდა გამოცდილება. წარმოუდგენელია ასეთ ტურნირზე პირველად ჩამოხვიდე და ჩემპიონი გახდე. ვხედავ, რომ შეგვიძლია ყველასთან თამაში და ბიჭებმაც ეს დაამტკიცეს.
გვჯეროდა წარმატების. თუ არ გჯერა, ვერც ერთ მოწინააღმდეგესთან ვერ გახვალ სათამაშოდ. სწორედ ეს ჩანდა მოედანზე. დავმარცხდით, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა გაიმარჯვა. საქართველოში ფუტსალი შედგა. რამდენიმე წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა ფუტსალი და დღეს, ამ ბიჭების დამსახურებით, მთელმა ქვეყანამ იცის.
მეოთხედფინალში ძალიან დაგვაკლდა თალესი. მინდა გამოვყო თოფურიას სიმამაცე, რომელიც მძიმე ტრავმით თამაშობდა და მთელი გული ჩადო. შეგვეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ასეთ გრანდს, როგორიც რუსეთის ნაკრებია, 39 წუთი თანაბრად ეთამაშები, ესე იგი, შეგიძლია ნებისმიერ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა. შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ შეგვეძლო კიდევ ერთი სენსაცია მოგვეხდინა”, – განაცხადა ასათიანმა.