ფუტსალისტთა ნაკრები ისტორიულ ევროს თავაწეული დაემშვიდობა

0
22

ევრო-2022-ის 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე რუსეთის ეროვნული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან რუსები საერთაშორისო არენაზე წლებია მაღალ დონეზე ასპარეზობენ და 1999 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს. გარდა ამისა, რუსებმა მსოფლიო 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველები ორივე დაპირისპირებაში უპრობლემოდ დაამარცხეს.
ავთანდილ ასათიანს გუნდს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე თალესი აკლდა, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ითამაშა. ასევე თანაგუნდელებს შოთა თოფურიაც ვერ დაეხმარა, რომელიც ტრავმირებული იყო. ამის მიუხედავად ქართველებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და გარდა იმისა, რომ კუპატაძემ რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია, რონინიოს და ელისანდროს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ნიაზოვმა ანგარიში გახსნა. თუმცა, ცოტა ხანში მარცხნიდან ელისანდრომ მეტოქის კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და შორეულ ძელთან მდგომმა ბრუნო პეტრიმ საპასუხო ბურთი გაიტანა.
მე-13 წუთზე რუსებმა კუთხური ჩააწოდეს და ჩიშკალამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ზუსტად გადაგზავნა – 2:1. ქართველებს ანგარიშის გათანაბრება მე-10 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ახლო მანძილიდან კეკელიას დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მატჩის ბოლო წამებზე რუსების მეკარემ ჯერ სებისკვერაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ ახლოდან ბრუნო პეტრის არ გაატანინა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში ჩიშკალამ შორი მანძილიდან ბურთი ცარიელ კარში გაიტანა.
მარცხის მიუხედავად, ასათიანის შეგირდებისთვისს სადებიუტო ევროპის პირველობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ტურნირის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ და მსოფლიო რეიტინგში 20 პოზიციით დაწინაურდნენ – მე-15 ადგილზე არიან.
რუსეთი – საქართველო 3:1 (0:0)
2 თებერვალი. ამსტერდამი. „ზიგო დომი“.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: კუპატაძე (კ), რონინიო, შაგინია, ბრუნო პეტრი, ვილიანი.
სათადარიგოები: ბუკია, ელისანდრო, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე, ღავთაძე.
ლაშა თაბაგარი