ავთანდილ ასათიანი: “უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ”

0
12

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს 1 თებერვალს დაუპირისპირდება. გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ ზიგო დომის არენაზე ივარჯიშა.
ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს დაახლოებით ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
31 იანვარს, ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „განწყობა კარგია. გვაქვს საბაბი, რომ თავაწეულებმა ვითამაშოთ. ბიჭებმა მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაგვეხმაროს. როცა ამაყი ხარ, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ითამაშო. რუსეთის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ყველას გვესმის, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება. შევისწავლეთ რუსეთის პლუსები და ჩვენთვის სამწუხაროდ, ძალიან მცირე მინუსები. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ, რათა მაქსიმალურად ჩავერთოთ თამაშში და ვაჩვენოთ, რომ მოედანზე ჩვენი მხრიდანაც იმყოფება ძალა.
ზვიად კუპატაძე მზადყოფნაშია, ხოლო ელისანდრო დღეს ივარჯიშებს და თავად შეამოწმებს, შეუძლია თუ არა თამაში. იმედი გვაქვს, ის ჩვენთან ერთად იქნება მოედანზე. დიდი გზა გავიარეთ აქამდე. კიდევ ერთი ისტორია დავწერეთ ქართულ ფუტსალში. ხვალინდელი მატჩი ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. ამდენი წლის შემდეგ, ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს ითამაშებენ.
სასწაული გრძნობაა და ყველას გათავისებული აქვს, რა დონის მეტოქე გვყავს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე. სხვა გზა არ გვაქვს. ზედმეტი წნეხიც მოხსნილია, რადგან ნაკრები რვა საუკეთესო გუნდშია შესული. საინტერესო გამოწვევაა, რათა ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და რამდენად მზად ვართ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ.
გულშემატკივართა კონკრეტული რაოდენობა არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მინიმალური შანსის შემთხვევაშიც, ქომაგები აუცილებლად გვერდში დაგვიდგებიან. პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც არ უნდა იმოქმედოს ამ ფაქტმა ჩვენზე, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნებას“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი უცვლელია:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი). ნაკრებთან ერთად ამსტერდამში კიდევ სამი ფეხბურთელი იმყოფება – ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო)
თებერვალი |  ამსტერდამი | მეოთხედფინალი
20:00 | რუსეთი – საქართველო
23:00 | ესპანეთი – სლოვაკეთი
საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.