ლუკა სანიკიძე: “პროფესიონალად “თელავში” ჩამოვყალიბდი”

0
19
ლუკა სანიკიძეს მიაჩნია, რომ პროფესიონალად საფეხბურთო კლუბ “თელავში” ჩამოყალიბდა, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილია. მან ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლუკა, “თელავი” თქვენს გარეშე წარმოუდგენელია. ვიცით, რომ შემოთავაზებები გქონდათ სხვადასხვა გუნდებიდან, მაგრამ საბედნეროდ, ისევ ჩვენთან ხართ. მიზეზი?
-მიზეზი ის, რომ გუნდთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და შევეცდები, “თელავს” უფრო მეტ წინსვლა-წარმატებაში მაქსიმალურად დავეხმარო და გვერდში დავუდგე
-რას ნიშნავს “თელავი” თქვენთვის? გუნდში ერთ-ერთი სტაჟიანი და რომ იტყვიან, “ძირძველი თელაველი” ხართ…
-ნამდვილად ასეა, “თელავში” ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და ასე ვთქვათ, ეს გუნდი ჩემი ნაწილია.
-მოახლოებული სეზონისთვის სკ “თელავი” აქტიურად ემზადება, დატვირთვებიც თანდათანობით იზრდება. მოტივაციას დამატებით ახალი მწვრთნელის ფაქტორიც გმატებთ…
-ახალი სისხლია გუნდში და ახალი მიზნებიც გვაქვს. მინდა, წარმატება ვუსურვო გიორგი ჭელიძეს, ლევან ხომერიკს და ბუხუ ოდიკაძეს. მსურს, რომ ეს წელი განსაკუთრებულად საუკეთესო და წარმატებული ყოფილიყოს.
-მეკარეების ვარჯიში და მომზადება ძალიან სპეციფიკურია, თანაც ახლა ახალი მწვრთნელიც გყავთ – საკმაოდ გამოცდილი და თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო თამაზ ოდიკაძე…
-ბუხუ, მართლაც მაგარია და ერთ-ერთი გამორჩეული – დეტალებში გეუბნება და გიხსნის, რა და როგორაა საჭირო. ძალიან მომწონს და საინტერესოა მასთან მუშაობა.
-მოახლოებულ სეზონს, რა თქმა უნდა, თელაველი და “თელავის” გულშემატკივარიც ელოდება – როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რას ეტყოდით ქომაგებს…
-ქომაგს ვეტყოდი ერთს: ეს გუნდი ბრძოლით, ერთობით და სულისკვეთებით მოვიდა აქამდე, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამიტომ ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალურს ელოდნენ და რა თქმა უნდა, ახლაც ასე გავაგრძელებთ – სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევთ!