თალესი: “ესპანეთთან თამაში თითოელი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა”

0
14

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.
აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.
თალეს ფეიტოსა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): “გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია.
ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის.
ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“.