შოთა არველაძე “ჰალის” მთავარი მწვრთნელია

0
15

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. „ჰალ სიტი” მოხარულია, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ორნახევარწლიანი კონტრაქტით შოთა არველაძის დანიშვნა გამოაცხადოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება შოთა“ – წერია „ჰალის“ ოფიციალურ განცხადებაში.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საშუალება მომცა, რომ “ჰალის” მწვრთნელი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო სექტორშია, ინგლისში მუშაობა სურს. ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს.
ძალიან მოტივირებული და “დამშეული” ვარ, რათა ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენი გუნდი ერთგვარი მიქსია, სადაც გამოცდილი, ასევე, კრეატიული და ნიჭიერი ტალანტები თამაშობენ. მიყვარს მიმზიდველი შემტევი ფეხბურთი. როდესაც გულშემატკივარი სტადიონზე მოდის, მას ლამაზი თამაშის ხილვა სურს. მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება. მოუთმენლად ველი მატჩს “სუონსისთან” და ჩვენს ფანებთან შეხვედრას. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და უგულშემატკივრონ კლუბს, რომელიც უყვართ და ბიჭებს მხარი დაუჭირონ. მოდით, ეს გავაკეთოთ და ერთად გავიმარჯვოთ”- განაცხადა არველაძემ “ჰალთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არველაძე ნიდერლანდების „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის, დიკ ადვოკატის და რონალდ კუმანის თანაშემწედ მუშაობდა. ამის შემდეგ, იგი თურქეთის „ქაისერს“, „ქასიმფაშას“, თელ ავივის „მაქაბის“, „ტრაბზონსფორის“ და უზბეკეთის ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მან „ფახთაქორს“ ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონატი, ორჯერ თასი და ამდენჯერვე სუპერთასი მოაგებინა. არველაძე უზბეკური კლუბიდან შარშან წავიდა და მას მერე უმუშევარი იყო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც ინგლისში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ საპორტო ქალაქ ჰალის საფეხბურთო წარმომადგენელ „ჰალ სიტის“ 29 ქულა აქვს და მიმდინარე სეზონში კლუბის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიშში ადგილის შენარჩუნებაა. „ვეფხვებს“ გასავარდნ ზონამდე 9 ქულა აშორებთ.