საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში თამაში გაინაღდა

0
7

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2022-ის 1/4-ფინალში თამაში გაინაღდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა D ჯგუფის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 აჯობა და 6 ქულა დააგროვა, რაც შემდეგ ეტაპზე თამაშის გარანტიაა. დღეს ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით დაამარცხებს. თუმცა, აზერბაიჯანმა რომ გაიმარჯვოს და ბოლო ტურში ასევე ბოსნიას აჯობოს, ხოლო საქართველომ ესპანეთთან წააგოს, სამივე ნაკრები 6 ქულას დააგროვებს. თუმცა, ასათიანის შეგირდები მაინც 1/4-ფინალში არიან, რადგან აზერბაიჯანთან უშუალო დაპირისპირებაში 3 ქულა აიღეს.
ავთანდილ ასათიანს პირველ ტურში აზერბაიჯანთან (3:2) მოგებული მატჩის შემადგენლობა არ შეუცვლია – კარში ზვიად კუპატაძე იდგა, ხოლო წინ ოთხი ნატურალიზებული ბრაზილიელი თამაშობდა.
ბოსნიელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც ბლლაგო გაშპარი ვილიანს მარცხენა ფრთაზე გახსნა და პასი ნერმინ კაჰვეჯიჩს გაუკეთა, რომელმაც თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა.
ამის შემდეგ ბოსნიელებს კიდევ უფრო დაწინაურების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ კარი კუპატაძემ არ დაანება, თავის მხრივ საპასუხო ბურთის გატანა ქართველემსაც შეეძლოთ, თუმცა დარკო მილანოვიჩმა იყოჩაღა. სხვათა შორის, ბოსნიელთა მეკარე შეტევაში ძალიან აქტიურად ერთვებოდა და არც კარში დარტყმას ერიდებოდა. საბოლოოდ, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ელისანდრო მეტოქეს ფეხებში ჩაუვარდა და დაშავდა, რის გამო, მოედანი ექიმის დახმარებით დატოვა. მან თამაში ვერ განაგრძო.
მეორე ტაიმი დაწყებიდან ხუთ წუთში ბოსნიელი ფუტსალისტი გადაცემის დროს შეცდა და თალესმა ერთი შეხებით შორი მანძილიდან ცარიელ კარში გაიტანა, რადგან მილანოვიჩი შეტევაში თანაგუნდელებს ეხმარებოდა.
28-წუთზე ვილიანის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბრუნო პეტრიმ ერთი ბალკანელი კარგად ჩამოიტოვა და ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.
საქართველოს ნაკრები 2010 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის პირველი დებიუტანტი გახდა, რომელმაც ტურნირის სტარტზე ზედიზედ ორი თამაში მოიგო.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო თამაშს 29 იანვარს ესპანეთთან ჩაატარებს.
ბოსნია-ჰერცეგოვინა- საქართველო 1:2(1:0)
26 იანვარი. გრონინგენი. „მარტინი პლაზა“.
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე (კ), თალესი, რონინიო, შაგინია, ელისანდრო.
სათადარიგოები: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, ვილიანი,ბრუნო პეტრი, ღავთაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე.