ირაკლი ღარიბაშვილი: “ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება”

0
18

2022 წელს საქართველო კალათბურთში ვროპის ჩემპიონატს, ხოლო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“ და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. მომავალი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ტარდება. 1-18 სექტემბერს თბილისი სამ ქალაქთან ერთად: კიოლნი, პრაღა, მილანი, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები ითამაშებენ. მინდა ვთქვა, რომ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში, ზედიზედ მეხუთე ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის დიდი წარმატებაა.
ასევე, 2023 წელს, 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“, რომელიც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ჩვენ ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სამი ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა და უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება. უკვე მიმდინარე წლის 18-19 თებერვალსა და 5-6 მარტს, ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან არსებული ვალდებულების ნაწილია“.