„რეალმა“ ქულა დამატებულ დროში გადაარჩინა – ბენზემამ პირველი პენალტი გააფუჭა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ელჩე“ მიიღო და ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გადაარჩინა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი „რეალის“ ლეგენდარულ ფორვარდ ფრანსისკო „პაკო“ ჰენტოს მიაგეს, რომელიც მიმდინარე კვირაში 88 წლის გარდაიცვალა. მადრიდელთა „თერთმეტი ნომერი“ ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო. შეხვედრის მე-11 წუთზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამოდგა და ჰენტოს ხსოვნას ტაშით შეეგება.
„რეალი“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და ქარიმ ბენზემას ანგარიშის გასხნა პენალტიდან შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მან მადრიდულ კარიერიაში თერთმეტმეტრიანი პირველად ვერ გამოიყენა, არადა მანამდე ზედიზედ 16 პენალტი გაიტანა. „ელჩემ“ ამით ისარგებლა შესვენებამდე ანგარიში გახსნა, როდესაც კონტრშეტევა კარის წინ მდგომმა ბოიემ ზუსტი დარტყმით დაასრულა.
58-ე წუთზე ბენზემამ მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მოედანი დატოვა. მასპინძლების კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად გოლი ისევ სტუმრებმა გაიტანეს, როცა 76-ე წუთზე კონტრშეტევა პერე მილიამ დაასრულა – 0:2.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „ელჩეს“ საჯარიმოში მილიამ ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც ლუკა მოდრიჩმა გამოიყენა – 1:2. 92-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ვინისიუსმა პასი ედერ მილიტაოს გაუკეთა, რომელიც ძალიან მაღლა ახტა და თავით გაიტანა- 2:2.
„რეალმა“ ლა ლიგაში ბოლო ხუთი შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა და 3 მოიგო. მანამდე, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 7 თამაშში გაიმარჯვა.