ნოდარ ქავთარაძე: “ქომაგებს კარგი შედეგითა და ლამაზი ფეხბურთით გავახარებთ”

0
15

თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” წლეულს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა. ერთ-ერთი მათგანი ნოდარ ქავთარაძეა, რომელიც კლუბში თბილისის “დინამოდან” გადავიდა. 29 წლის ფეხბურთელთან საუბარი ახალ გუნდში პირველი შთაბეჭდილებებით დაიწყო.
ნოდარ ქავთარაძე: “საბურთალოში” ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. ვიცი “საბურთალოს” სათამაშო სტილი, ფეხბურთისადმი მიდგომა. სამწვრთნელო შტაბისგან ყურადღებასა და გვერდში დგომას ვგრძნობ. რამდენიმე კვირაში სუპერთასის მატჩი გვიწევს, იმედია 20 თებერვალს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით და სეზონს კარგი განწყობით დავიწყებთ”.
– შეთავაზებები სხვა კლუბებისგანაც გქონდათ, მაგრამ არჩევანი “საბურთალოზე” გააკეთეთ. რამ იქონია გავლენა?
– “საბურთალო” ამბიციური, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია.  ოთხი წელია, “საბურთალო” სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს, ამიტომაც გადავწყვიტე აქ გადმოსვლა. კლუბს აქვს თავისი სათამაშო სტილი და მიდგომა ფეხბურთისადმი. პროგრესირებადი და წარმატებული კლუბია.
– ცნობილია ის 10 გუნდი, რომელიც 2022 წელს უძლიერესთა რიგებში ითამაშებს. რომელიმე გუნდისგან ელოდებით სიურპრიზს?
– ბოლო წლებისგან განსხვავებით, წლეულს საკმაოდ გაძლიერდა ქუთაისის “ტორპედო”, სიმპათიური და საინტერესო გუნდი იქნება. ორივე “დინამოსთან” ერთად, მაღალი მიზნებისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობ გამოგვივა.
– რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლიათ თამაში. ყველაზე კარგად, რომელ რგოლში გრძნობთ თავს?
– მთავარია სასტარტო თერთმეტეულში ვიყო. დანარჩენი, სადაც გუნდს დავჭირდები და მწვრთნელები გადაწყვეტენ, იქ ვითამაშებ. მინდა “საბურთალოს” მიზნების მიღწევაში დავეხმარო.
– საფეხბურთო წრეებში ხშირად საუბრობენ “საბურთალოს” ჩემპიონობაზე. რამდენად რეალურია ამ მიზნის მიღწევა?
– რაც მთავარია, გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და ეს უკვე კარგია. წლეულს კლუბმა საინტერესო ტრანსფერები განახორციელა და მოწინავე კლუბებიდან გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. წლეულს, დიდი გამოწვევები გვაქვს და ყველა ფრონტზე, მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. იმის გარდა, რომ შიდა ასპარეზზე მაღალ მიზნებს უნდა მივაღწიოთ, ზაფხულში ევროტურნირებზეც ვთამაშობთ. კონფერენც ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეგვიძლია.
– “საბურთალო” ბათუმის “დინამოსთან” ერთად სეზონს ყველაზე ადრე იწყებს. როგორი მოლოდინი გაქვთ სუპერთასის მატჩზე?
– 2019 წელს ქუთაისის “ტორპედოსთან” ერთად სუპერთასი მოვიპოვე, მაგრამ ახლა მინდა კიდევ ერთი ტიტული უკვე “საბურთალოსთან” ერთად მოვიგო. სხვა შედეგი არ განიხილება, მხოლოდ გამარჯვება. სეზონი კარგი განწყობით უნდა დავიწყოთ, ეს ფაქტორი უფრო თავდაჯერებულობას შეგვმატებს.
– რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებსა და “საბურთალოს” ქომაგებს?
– “საბურთალო” სისტემატურად შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივარიც სწორედ სანახაობრივ ფეხბურთს ელოდება ჩვენგან. ვეცდებით ის ქომაგები, რომლებიც ჩვენ გვგულშემატკივრობენ, კარგი შედეგითა და ლამაზი ფეხბურთით გავახაროთ. ზოგადად, სტადიონზე რაც უფრო ბევრი გულშემატკივარი მოვა, ფეხბურთელებისთვის უფრო მეტი სტიმული იქნება.