“ბათუმმა” “ოლიმპს” სძლია და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ნახევარფინალში გავიდა

0
13

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მეორე ნახევარფინალისტი აჭარული კლუბი “ბათუმია”. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ოლიმპს” 75:72 სძლიეს და პირველი ადგილი დაიკავეს. შესაბამისად, ბათუმელებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს და ფინალში გასასვლელად ხვალ, 23 იანვარს, “ქუთაისს” ან “ტიტებს” შეხვდებიან. ამ 2 გუნდის მატჩი დღეს, მოგვიანებით გაიმართება და ნახევარფინალის ბოლო მონაწილე გამოვლინდება.
ბათუმელები მიმდინარე მემორიალს სოლიდური დანაკლისით შეხვდნენ. ზღვისპირელებს 2 ლეგიონერი – დენის მავინი და აიზეა ტრეილორი გამოაკლდათ, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს. ერთი, ისიც რიგითი ლეგიონერის ამარა დარჩენილმა ბათუმელებმა 2 უმძლავრესი მატჩი ჩაატარეს – პირველ ტურში “მგზავრები” არ დაინდეს და 43 ქულით აჯობეს, დღეს კი “ოლიმპს” დაძაბულ ბრძოლაში – 3 ქულით სძლიეს.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, სადაც უფრო შედეგიანი ბათუმელები აღმოჩნდნენ. ოლიმპიც დანაკლისით თამაშობდა – დავით როგავას გუნდს მთავარი გამთამაშებელი, გივი ბაქრაძე აკლდა. ამის მიუხედავად, ოლიმპელებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ფინალურ წუთებზე ბექა ბექაურისა და ლევან ელიაძის სამქულიანებმა თბილისური გუნდი წელში გატეხეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. 1 ქულით ჩამორჩენილი “ოლიმპი” უტევდა, დასრულებამდე 5 წამით ადრე დავით ლომიძეს შეცდომა მოუვიდა და ბურთი დაკარგა. ყველაფერი აქ გადაწყდა – საბა ლობჯანიძემ კიდევ 2 საჯარიმო ჩააგდო და ბათუმელები ნახევარფინალში გაიყვანა.
გამარჯვებულებს 23 ქულით და 12 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 18 ქულა საბა ლობჯანიძემ ჩააგდო, ხოლო სპენსერ კოლინსის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 16-16 ქულით ლუკა კალატოზიშვილი და დავით ლომიძე გამოირჩნენ. ბუნდუ აბდულაის ანგარიშზე 9 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
D ჯგუფი ბათუმი – ოლიმპი 75:72 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)