გიორგი მიქაძე:”ალჟირელ ლეგიონერს ველოდებით, შეკრებაზე კიდევ ორ უცხოელს დავაკვირდებით”

0
14

,,სამგურალი” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. თოვლისა და გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ,,სამგურალი” წყალტუბოში იანვრის ბოლომდე მოემზადება, 3 თებერვლიდან კი შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 17 თებერვლამდე დარჩება და დიდი დატვირთვების ფონზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს. ჩემპიონატისთვის მზადების, დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მიზნების შესახებ ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.
– თავდაპირველად გუნდის მზადების შესახებ ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობს პირველი მოსამზადებელი ეტაპი?
– ჩემპიონატისთვის მზადება 8 იანვარს დავიწყეთ, ვარჯიშები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველი კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. ახალწვეულებმა ადაპტაცია გაიარეს და გუნდს კარგად შეეწყვნენ. ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები კარგად იგებენ მიცემულ დავალებებს, გაცნობიერებული აქვთ, რომ ამბიციური მიზნები გვაქვს და გვინდა წარმატებული სეზონი ჩავატაროთ.
– ამინდის გაუარესებამ და უხვმა ნალექმა ხომ არ შეცვალა გუნდის გეგმები?
– თოვლმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ცუდ ამინდს გავუმკლავდეთ და გეგმას არ გადავუხვიოთ. მცირედით ხელი ვირუსმაც შეგვიშალა, სამი ფეხბურთელი ერთი კვირით გამოგვაკლდა, თუმცა უკვე სამივე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადებიან.
ვცდილობთ, რომ ეს მცირე დაბრკოლებები გადავლახოთ და ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. მოსამზადებელი პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, იმისთვის რომ ფეხბურთელმა სეზონზე თავი კომფორტულად იგრძნოს და ყველა თამაშს ფიზიკურად კარგ მზადყოფნაში შეხვდეს. ზაფხულში არ არის საკმარისი დრო გუნდის ახლიდან მოსამზადებლად, ამიტომ ვცდილობთ, კარგად და ნაყოფიერად გავიაროთ ეს ეტაპი.
– გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებულია, თუ კიდევ უნდა ველოდოთ ,,სამგურალში” ახალ ფეხბურთელებს?
-კლუბი თითქმის ბოლომდეა დაკომპლექტებული, თუმცა, კიდევ გვინდა ერთ – ორ პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება. ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და როგორც ვგეგმავდით, ორი თანაბარი სიძლიერის შემადგენლობა გვეყოლება. თითო პოზიციაზე 2–2 მოთამაშე გვჭირდება, წინ გრძელი სეზონია და შემადგენლობაში აუცილებლად მოგვიხდება ლავირება. პლუს ამას, პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის როდის რა პრობლემა შეექმნება, ამიტომ, თავიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი და ყველა ფეხბურთელს უნდა ჰყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი.
უახლოეს დღეებში ველოდებით ალჟირელ ლეგიონერს, მისი თამაშის ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩამოვა და დავაკვირდებით. თუ თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდს გააძლიერებს – მოხარულები ვიქნებით. ორ ფეხბურთელს ველოდებით თურქულ შეკრებაზეც. გარდა ამისა, კიდევ ერთ კარგ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თუმცა, ჯერ მის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებ.
– ალბათ, უკვე ამხანაგური მატჩებიც არის დაგეგმილი.
– მზადების პირველ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. 22 იანვარს მარტვილის ,,მერანს” დავუპირისპირდებით, 29 იანვარს კი თბილისში ,,გაგრას” წინააღმდეგ ვითამაშებთ. ამ თამაშებში გამოჩნდება, თუ რა გვექნება გამოსასწორებელი და რაზე იქნება ყურადღება გასამახვილებელი. მოსამზადებელი ეტაპის ფინალურ ფაზაში გავემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრებს. სწორედ აღნიშნულ სპარინგებში უნდა გამოჩნდეს ჩვენი რეალური ძალა. ჩვენი მიზანია, რომ ,,სამგურალი” საქართველოში ერთ–ერთი კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ.
– თურქულ შეკრებაზე მეტოქეები და ამხანაგური მატჩების განრიგი თუ არის ცნობილი?
– უკვე დაგეგმილია სამი სპარინგ მატჩი. 9 თებერვალს ვეთამაშებით რუსეთის პირველი ლიგის ერთ–ერთ ლიდერ ვორონეჟის ,,ფაკელს”, რომელიც პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. 13 თებერვალს დაგეგმილი გვაქვს მატჩი დანიის პირველი დივიზიონის ლიდერ ,,ჰელსინგორთან”, რომელიც ძალიან კარგი გუნდია და სუპერლიგაში აღზევების მთავარი პრეტედენტია. 17 თებერვალს უკრაინული პრემიერ ლიგის გუნდს კოვალივკას ,,კოლოსს” შევხვდებით. აღნიშნული სამი მატჩის გარდა, თუ ეპიდვითარება არ შეგვიშლის ხელს, გვინდა ერთ დღეს ორი თამაში ვითამაშოთ, რომ ბიჭებმა სრული 90–90 წუთი დაჰყონ მოედანზე.
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამბიციური გეგმები გაქვთ და მიზნად წარმატებული სეზონის ჩატარებას ისახავთ. რა ჩაითვლება ,,სამგურალისთვის” წარმატებად?
– ჩვენი მიზანია ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და პარალელურად, საქართველოს თასზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ. წინასწარ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ გვინდა, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი გვექნება, რადგანაც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან, ვფიქრობ ძალიან კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.
რამდენიმე დღის წინ ,,სამგურალთან” ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ორ წელიწადში გვინდა, რომ ,,სამგურალი” ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდი გახდეს. კლუბის ხელმძღვანელებისა და ჩემი ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, გვინდა, რომ კონტრაქტის ვადაში ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ და მჯერა, ამას მოვახერხებთ. კლუბის ხელმძღვანელები ყველანაირად გვეხმარებიან და გაძლიერებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ზაფხულამდე გამოჩნდება, თუ რა მიზნებისთვის შეგვეძლება ბრძოლა დღევანდელი რესურსით. შევხედავთ, თუ კლუბს დასჭირდება პოზიციების გაძლიერება – აუცილებლად გავძლიერდებით.
– რამდენიმე კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუწყიათ, ასეთ ფონზე როგორ ჩემპიონატს ელოდებით?
– ზოგიერთ კლუბს აქვს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და წინ საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველოდება. ალბათ, გახსოვთ, გასულ წელსაც იყო იგივე პრობლემები, თუმცა საბოლოო ჯამში მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ჩემპიონატი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ახალ საფეხბურთო სეზონში 3–4 გამორჩეული გუნდი იქნება, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ჩემი აზრით გამოიკვეთება ზედა და ქვედა ხუთეულები. ყველა გუნდთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, კონკურენცია დიდი იქნება, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ასევე, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. კარგი გუნდი ეყოლება ქუთაისის ,,ტორპედოს”, გაცილებით ძლიერი იქნება თბილისის ,,დინამოც” ბათუმის ,,დინამოზე” საუბარიც ზედმეტია, შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები გუნდი არ ეყოლებათ. საგრძნობლად გაძლიერდა ,,საბურთალო”… მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ,,დილაც” ძლიერი გუნდი იქნება. ჩვენც საკმაოდ გავძლიერდით ამ კონკურენციაში ჩავერთვებით. გვაქვს ამბიცია, რომ მინიმუმ ზედა ხუთეულში მოვხვდეთ. ,,თელავს” ახალი მწვრთნელი ჰყავს, მებრძოლი გუნდია და მასთან არ იქნება ადვილი თამაში. ,,გაგრაც” არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ყოველთვის კერკეტი კაკალია… რთული იქნება თამაში ბოლნისშიც, რაც შეეხება ლოკომოტივს, მართალია პრობლემები შეექმნა, მაგრამ ,,რკინიგზელებს” თავისი აკადემია აქვთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავთ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ და ანგარიშგასაწევ გუნდს გააკეთებენ. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. როგორც აღვნიშნეთ, ბევრ რაიმეს პირველი წრე გამოაჩენს. უკვე მეორე ნახევარში გამოიკვეთება ლიდერები და აუტსაიდერები. ბუნებრივია, მე ჩემს გუნდზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე დანარჩენზე, გვინდა რომ კარგი გუნდი გვყავდეს და გვეყოლება კიდეც. წყალტუბოელ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ არ ვიქნებით აუტსაიდერებში და ვიბრძოლებთ მაღალი მიზნებისთვის!