“სამგურალმა” ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

0
21

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს “სამგურალმა” კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“25 წლის შემტევი ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე კარიერას ჩვენს გუნდში გააგრძელებს. ირაკლი რუხაძე ბოლოს ,,თელავში” თამაშობდა. მან თელაველთა რიგებში ჯამში 5 წლის განმავლობაში იასპარეზა. გასულ სეზონში, ცოტა ხნით ,,სამტრედიაში” იჯარის წესით იასპარეზა, საიდანაც შარშანვე ,,თელავს” დაუბრუნდა. წინა ეროვნულ ჩემპიონატში რუხაძემ 7 გოლი გაიტანა (4 თელავის, 3 გოლი კი სამტრედიის რიგებში). კარიერის საწყის ეტაპზე ის ,,სასკოში”, ,,საბურთალოსა” და მარტვილის ,,მერანშიც” თამაშობდა.
32 წლის ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი კარიერას ,,სამგურალში” გააგრძელებს. ორის ,,დილას” ყოფილმა კაპიტანმა ჩვენს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. მაისაშვილის საფეხბურთო კარიერა თბილისის ,,ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო, საიდანაც ლანჩხუთის ,,გურიაში” გადავიდა, შემდეგ ითამაშა რუსთავის ,,მეტალურგში”, ,,ცხინვალში”, მარტვილის ,,მერანში” და საჩხერის ,,ჩიხურაში”. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის გორის ,,დილაში” გამოდიოდა.
წყალტუბოს ,,სამგურალმა” ,,თელავის” ყოფილი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი დაიმატა.24 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. ის ,,თელავში” თითქმის დაარსების წლიდან თამაშობდა და გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. გასულ ჩემპიონატში მან 29 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.
წყალტუბოს ,,სამგურალში” 9 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრია დევდარიანი ჩაირიცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (U16, U17, U18, U19) თამაშობდა. საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ის ,,საბურთალოსა” და ქუთაისის ,,ტორპედოს” ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. გასული სეზონი “საბურთალო-2″ -ში გაატარა. დედაქალაქელთა ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ ის მთავარ გუნდშიც დააწინაურა, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო დიდ გუნდში თამაში”.