“საქართველო 2008”-მ ირლანდიელებსაც მოუგო და ევროპის ლიგაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა

0
11

დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე 14-წლამდელთა შორის, რომელსაც ლიეტუვას დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა “საქართველო 2008”-მ გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ორი წრის ჯამში ჩატარებული 10 შეხვედრიდან ქართველებმა 6 მოიგეს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე არიან.
საკუთრივ მეორე წრის მინი-ტურნირი, რომელმაც ვილნიუსში გამართული 5 მატჩი მოიცვა, ქართველებმა მეორე ადგილზე დაასრულეს. პირველობა ერგო ტურნირის მასპინძელ კლუბ “ვილნიუსი KM”-ს, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო. მეორე წრის ბოლო მატჩი “საქართველო 2008-მ” 29 დეკემბერს ჩაატარა. ქართველების მეტოქე ირლანდიური კლუბი “ნორთ ატლანტიკი” გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა 60:40 მოუგეს.
ჩვენს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა მათე ხატიაშვილი, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი დავით ფაჩულიამ აჩვენა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი (იხილეთ სტატისტიკა). ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში ჩვენი გუნდიდან მათე ხატიაშვილი მოხვდა, რომელიც ევროპის ლიგაზე საშუალოდ 17.8 ქულას აგროვებს.
საქართველოს დელეგაცია ვილნიუსიდან 30 დეკემბერს დაბრუნდება და ახალი წლის შემდეგ ვარჯიშები ევროპის ლიგის მე-3 წრისთვის მოსამზადებლად გაგრძელდება, რომელსაც 10-13 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.