“ასტრალმა” “ბურჯთან” 8-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა

0
4

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის მომგებმა “ასტრალმა” კიდევ ერთი  ნაბიჯი გადადგა ლიგაში შესასვლელად. გონსალო ფერნანდესის გაწვრთნილმა ასტრალელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური სერიის პირველ მატჩში 92:84 დაამარცხეს თელავის “ბურჯი” და თუკი 30 დეკემბერს, კახეთში გასამართ საპასუხო შეხვედრაში 8 ქულაზე მეტით არ წააგებენ, “ა” ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
შეგახსენებთ, რომ თელავური გუნდი “ა” ლიგაში წინა სეზონში გამოდიოდა და რადგან ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. ასტრალის სახით კახელებს “ა” ლიგაში ადგილის სერიოზული მოცილე გამოუჩნდა და ამ მომენტისთვის საქმე იქამდეა მისული, რომ საგზური დაუფლების უკეთესი შანსი “ასტრალს” აქვს.
ფერნანდესის გაწვრთნილი გუნდი უმეტესწილად იგებდა. მესამე პერიოდში ასტრალელთა უპირატესობამ 17 ქულასაც მიაღწია, თუმცა საბოლოოდ თელაველებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს და 2 დღეში თელავში ეცდებიან ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას. სერია 2-მატჩიანია, რაც იმასაც გულისხმობს, რომ თუკი საპასუხო მატჩის შემდეგ გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ, ოვერტაიმი დაინიშნება. ანუ თელაველებმა რომ ასტრალს 8 ქულით მოუგონ, დამატებითი 5-წუთეული დაინიშნება.
დღევანდელ მატჩში “ასტრალს” აკლდა პირველ წრეში “მეგაში” ნათამაშები ნიკოლაი მუხა, რომელიც შეუძლოდ იყო. 2 ამერიკელი ლეგიონერის – ენტონი მოსბის და ევან მილიგანის წინამძღოლობით “ასტრალს” არ გასჭირვებია და დასახულ მიზნამდე დამაჯერებლად მივიდა. ასტრალელთა უპირატესობა ქართველი მოთამაშეების სიმრავლეშია. თელაველებს 4 ლეგიონერი ჰყავთ, რომელთაგან მოედანზე ერთდროულად მხოლოდ 3-ს შეუძლია ყოფნა.
ენტონი მოსბიმ შეხვედრა 33 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა. 15 ქულა და 14 მოხსნა მილიგანის ანგარიშზეა. ვასილ კუტალაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. თელავის “ბურჯში” 22 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით ერიკ უილიამსი გამოირჩა. 18-18 ქულა მოაგროვეს ჯეიკ დენიელსმა და ჯამალ რაითმა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რის შემდეგაც გაირკვევა, “ა” ლიგაში “ბურჯი” დარჩება, თუ მათ ადგილს “ასტრალი” დაიკავებს, 30 დეკემბერს, თელავში, 15:00 საათზე გაიმართება.