“ქუთაისმა” პირველი წრე ლიდერის რანგში დაასრულა

0
16

სუპერლიგის პირველი წრისა და 2021 წლის ბოლო ტური დღეს ერთი მატჩით დაიწყო. მე-10 ტურის ხუთივე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, დღეს კი ასპარეზი ცხრილის პოლუსებზე მყოფ გუნდებს – პირველადგილოსან “ქუთაისსა” და ბოლოზე მყოფ “დინამოს” დაეთმო. შედეგი ლოგიკური დაფიქსირდა. ლიდერმა აუტსაიდერი 84:82 (სტატისტიკა) დაამარცხა და პირველი წრე და 2021 წელი პირველ ადგილზე დახურა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ქუთაისელებს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებიათ. ის კი არა, ბოლო პერიოდში დინამოელები 3 ქულით (69:66) იგებდნენ და “ქუთაისი” ჩემპიონატში მეორე მარცხის ზღვარზე იყო. ქუთაისელებმა გადამწყვეტ მომენტში სიმტკიცე და ლიდერის ხასიათი აჩვენეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთებზე შედეგიანად ითამაშა – ადრიან ბოუიმ, გიორგი ბარბაქაძემ და გიორგი კორსანტიამ იმერული კლუბს დამაწინაურებელი ბურთები ჩააგდეს და მატჩის ბედიც გაირკვა.
ინამომ უკვე მერამდენე მატჩი წააგო ბრძოლაში ისე, რომ მოგება შეეძლო. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრის 10 მატჩში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და ბოლო ადგილზე იმყოფება. დინამოელები პირველი წრის შემდეგ სუპერლიგიდან გავარდნის უპირველესი კანდიდატები არიან, რაც ამ ტრადიციებისა და ისტორიის მქონე გუნდისთვის უჩვეულო სიტუაციაა. წინ მეორე წრეა და ამ გადმოსახედიდან “დინამოს” მთავარი კონკურენტები ლიგაში დასარჩენად 2 მოგების მქონე “კაკტუსი” და 3-მოგებიანი “მეგა” არიან.
ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო შედეგი კორსანტიამ აჩვენა, რომელმაც 18 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ადრიან ბოუიმ გამარჯვებულებს 22 ქულა მიაშველა, ხოლო ჯარვის რეის ანგარიშზე 17 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში 21 ქულით საუკეთესო იყო ვოვა თავაქარაშვილი. 16 ქულა ლევან გოგალაძის ანგარიშზეა.
წლის ბოლო ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, 29 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.