„მანჩესტერს“ ქულა კავანიმ გადაურჩინა

0
35

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნიუკასლს“ შეხვდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში მასპინძლებიდან სენ-მაქსიმინმა გახსნა და „ნიუკასლმა“ პირველი ტაიმი მოიგო. სტუმრებს ქულა ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გადაურჩინა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 71-ეზე მეტოქის კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი იყო, რომელმაც 2 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. გერმანელი მწვრთნელის რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით, რომელმაც ოლე გუნარ სოლსკიაერი შეცვალა, „იუნაიტედმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. მან მე-19 პოზიციაზე მყოფ „ნიუკასლთან“ დაპირისპირების შემდეგ აღნიჩნა, რომ თავისი გუნდის თამაში არ მოეწონა, მაგრამ ფრე დადებითი შედეგია. „მანჩესტერი“ 28 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.