საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივში” რთული ფინანსური მდგომარეობაა, რის გამო კლუბმა უარი თქვა მოდელზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამის თაობაზე “ლოკომოტივმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
“მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, “ლოკომოტივი” იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.
ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.
აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება. ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.
ასევე მიუხედავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.
აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.
თბილისის “ლოკომოტივი” თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა”.
“ლოკომოტივი” უკვე დატოვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა. ამასთანავე, გუნდს ერთ-ერთი ლიდერი თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე დაემშვიდობა.
მთავარი ნიუსი “ლოკომოტივმა” რთული ფინანსური მდგომარეობის გამო პოლიტიკა შეცვალა