გიორგი ჭიაბრიშვილი “ლოკომოტივს” აღარ გაწვრთნის

0
14

გიორგი ჭიაბრიშვილი მომავალ სეზონში თბილისის “ლოკომოტივს” აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!”.
ჭიაბრიშვილი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან ევროპა ლიგის ორი საკვალიფიკაცი ეტაპი დაძლია – რუმინეთის “უნივერსიტატია” და მოსკოვის “დინამო” დაამარცხა, ხოლო ტურნირს მე-3 ეტაპზე ესპანეთის “გრანადასთან” დაპირისპირებაში გამოეთიშა.
42 წლის ჭიაბრიშვილი ჯერ 2014-2016, ხოლო შემდეგ 2016-2018 წლებში თბილისის “საბურთალოს” წვრთნიდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატი და დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
ის 2011-2012 წლებში “ზესტაფონის” თავკაცი იყო და საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლებთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიპოვა, ხოლო თასის ფინალში მისი გაწვრთნილები გორის “დილასთან” დამარცხდნენ.