უხვგოლიანი თრილერი მანჩესტერში – „სიტიმ“ პრემიერ ლიგის რეკორდი გააუმჯობესა

0
14

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ძალიან სანახაოებრივი და უხვგოლიანი მატჩი შედგა მანჩესტერში, სადაც ადგილობრივმა „სიტიმ“ „ლესტერს“ 6:3 სძლია. მანჩესტერელები საწყის 25 წუთში 4:0 იგებდნენ – მე-5 წუთზე ანგარიში დე ბრუინმა გახსნა, მე-14 წუთზე მაჰრეზმა პენალტი გაიტანა, რასაც 21-ე წუთზე გიუნდოგანის გოლი მოჰყვა, ხოლო 25-ეზე რაჰომ სტერლინგმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
მე-2 ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში „ლესტერმა“ მასპინძლების კარი ზედიზედ 3-ჯერ აიღო – 55-ე წუთზე თავი მედისონმა გამოიჩინა, 59-ეზე ლუკმანმა, 65-ეზე კი იჰეანაჩომ. 69-ე წუთზე მასპინძლებმა ემერიკ ლაპორტის დარტყმის შემდეგ უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთი ადრე სტერლინგმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ესპანელი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო, ხოლო ბოლო 3 ტურში 17 გოლი გაიტანა. მანჩესტერელებმა 2021 წელს ინგლისის ჩემპიონატში 35-ედ გაიმარჯვეს და მათ მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს. “სიტი” 47 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგას ლიდერობს და მე-2 ადგილზე მყოფ “ლივერპულს” 6 ქულით ასწრებს.