კახა ცხადაძე:”უარყოფითი წელი გამოდგა, სწორად გაანალიზება და შეცდომების გამოსწორებაა მთავარი”

0
26

კახა ცხადაძეს მიაჩნია, რომ განვლილი სეზონის თბილისის “დინამოსთვის” ნეგატიური აღმოჩნდა. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.
კახა ცხადაძე:”შესაძლოა, მეორე ადგილი სხვა გუნდისთვის წარმატებად ჩაითვალოს, მაგრამ „დინამო თბილისისთვის“ წარუმატებლობაა. ასევე წარუმატებელი იყო ბოლო წლებში ევროთასებზე გამოსვლა. უარყოფითი წელი გამოდგა, სწორად გაანალიზება და შეცდომების გამოსწორებაა მთავარი.
ყველაფერი იწყება სწორი კომპლექტაციიდან, მოსამზადებელი ეტაპიდან და ძალების სწორი გადანაწილებიდან. ეს უკვე დაიწყო და მე ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთო. „დინამოს“ ახალგაზრდებში ძალიან ბევრი დავინახე, ვისაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ესეც გარკვეული აზარტია, ჩვენი ხელმძღვანელობით, ამ ფეხბურთელებმა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში, ევროპის რომელიმე ტოპ ჩემპიონატში წავიდნენ. მთავარია, მათთან ინდივიდუალურად ვიმუშაოთ და მოუმატონ.
საჭირო იყო კომპეტენტური სპორტული დირექტორი და მიმაჩნია, რომ „დინამოს“ რეორგანიზაცია ამით დაიწყო. არიან წამსვლელებიც, ბევრიც მოვა. ამ პროცესის დინამიკით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, პირველივე დღიდან „დინამოში“ ის მოთამაშეები იყვნენ, ვისაც გუნდში ვხედავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. გუნდში მოთამაშეთა ის რაოდენობაც უნდა იყოს, ერთ პოზიციაზე ორი მოთამაშე რომ გვყავდეს, რადგან სადაც კონკურენცია არაა, იქ ზრდა არ იქნება.
ჩემი და რეხვიაშვილმა წარდგენის დროს, რეხვიაშვილმა თქვა, რომ დაახლოებით 3 წლის შემდეგ, „დინამოს“  ძირითადი შემადგენლობის 80 პროცენტს აკადემიის აღზრდილები უნდა შეადგენდნენ. წელს ყველამ დაინახა, რომ ბოლო რამდენიმე თვე განაცხადში აკადემიის 10-12 ფეხბურთელი ხვდებოდა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ ჩვენ და მათ დაწინაურებას კიდევ გავაგრძელებთ. ვინც ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა, პირველივე დღიდან ჩვენთან მოემზადება, მეორე გუნდში კი შანსი სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ.
„ნეფთჩისთან“ მატჩისას მაყურებელმა დიდი სტიმული მომცა. შედეგი არ იყო, მაგრამ ხალხმა ფეხბურთელების მონდომება, ხარისხიც დაინახა და მათგან დიდი მხარადჭერა გვქონდა – ამისთვის მადლობას ვუხდი. „დინამოს“ გულშემატკივარს ცოტა სხვა მოთხოვნები აქვს. ჩვენი მიზანი და ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ გვიხილონ ევროპული გათამაშების ჯგუფში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მინდა, მათ ვთხოვოთ – ყოველთვის სჯეროდეთ ჩვენი და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია. როდესაც სტადიონზე გამოვა და ტრიბუნაზე რამდენიმე ათას გულშემატკივარს დაინახავს, შეიძლება, ყველაფერი დაივიწყოს და მისი პირველი მოტივაცია იყოს, რომ ხალხს სიამოვნება მიანიჭოს და გაახაროს“