„სამგურალმა“ ფრუიძე გაუშვა და მიქაძეს ელოდება

0
22

წყალტუბოს „სამგურალის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სოსო ფრუიძე გაათავისუფლეს. 64 წლის გამოცდილი სპეციალისტი წყალტუბოელებს 2021 წლის აპრილიდან წვრთნიდა, როდესაც უჩა სოსიაშვილი შეცვალა, რომელმაც გუნდი ლიგა 3-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა. ფრუიძის თავკაცობით წყალტუბოელები არსებობის ისტორიაში მესამედ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც თბილისის „საბურთალოსთან“ 0:1 წააგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სამგურალში“ ფრუიძეს 40 წლის გიორგი მიქაძე შეცვლის, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში „თელავი“ ჩაიბარა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზე იყო და საბოლოოდ, კახელებმა სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს.
მიქაძეს კარიერის განმავლობაში ასევე მთავარ მწვრთნელად „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიაში“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია.