წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირი Nets-მა მოიგო

0
15

ზამთრის სერიების ბოლო ტურნირით დასრულდა 3×3 საკალათბურთო სეზონი. WinteCup 2021-ის ბოლო შერკინება 18-წლამდელთა შორის გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ და ერთი წრის შემდეგ პირველ ადგილზე გასულმა გუნდებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს.
პირველ ნახევარფინალში Nets-მა Dream Team-ი 20:15 დაამარცხა. მეორეში კი “ძინამომ” გასული კვირის ანალოგიური ტურნირის გამარჯვებული Wings-ი დაძაბულ ბრძოლაში – 21:18 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა დრამატული გამოდგა: ერთ მხარეს Nets-ი – მახო დიღმელაშვილის, ნიკოლოზ კოდალაშვილის, გივი ფურცელაძისა და გიორგი შეროზიას შემადგენლობით და მეორე მხარეს “ძინამო” – ალექსანდრე მაისურაძე, გიორგი ნასყიდაშვილი, ტატო თაბუაშვილი და გიგი მღებრიშვილი.
თანაბარ და დაძაბულ მატჩში გამარჯვებული შორი სროლით გამოვლინდა. თანაბარ ანგარიშზე (19:19) Nets-ის პირველმა ნომერმა შორი ტყორცნით 21-ე ქულა მიუთვალა თავის გუნდს, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. Nets-ს ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500-ლარიანი ვაუჩერი ერგო, ხოლო ფინალის დასანანად წამგებმა “ძინამომ” 300 ლარი ირგუნა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 განყოფილება სეზონს ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ გააგრძელებს.